“ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“ და „მეთადონი“ – 2 პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და სარეალიზაციოდ ინახავდნენ სხვადასხვა რაოდენობის, მათ შორის, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს.
“ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“ და „მეთადონი“.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”, – წერია ინფორმაციაში.