პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ, შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1977 წელს დაბადებულ დ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდისა და მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
პოლიციამ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მ.ა. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.