საქართველოში გრანდიოზული ქორწილების გამართვა და MICE ღონისძიებების ჩატარება შესანიშნავი იდეაა-Iskra Events and Celebrations
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ინდოეთიდან 15 მსხვილ კომპანიას უმასპინძლა. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულები. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. საქართველოში მსხვილი ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს ინდური კომპანია Iskra Events and Celebrations.
საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა, რომელსაც მხოლოდ ფოტოებით ვიცნობდი. ჩემი აზრით, საქართველო მშვენიერი ადგილია ჩვენი ღონისძიებებისთვის, მათ შორის დიდი ქორწილებისთვის. საქართველოში გრანდიოზული ქორწილების გამართვა შესანიშნავი იდეაა. სწრაფი ვიზა, მეგობრული გარემო, საუკეთესო მომსახურება, მშვენიერი კერძები, საოცარი მიმართულება როგორც MICE ღონისძიებებისთვის, ასევე ქორწილებისთვის. ყველა კლიენტს შევთავაზებთ, რომ საქართველოში ქორწილი გადაიხადონ“,-აცხადებს Iskra Events and Celebrations-ის წარმომადგენელი ბირჯუ გარიპა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვა, საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა, ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და ქორწილების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს დანახარჯების გაზრდას ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან.