ახალქალაქში მეხორბლე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე, მარცვლოვანი კულტურების და სერტიფიცირების კვლევის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე გამართული შეხვედრის ფარგლებში, ფერმერებს დეტალურად გააცნეს ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და მახასიათებლები, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის ბუნებრივ პირობებზეა მორგებული და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, როგორც აგრობიო მრავალფეროვნების შენარჩუნების, ისე რეგიონის სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების თვალსაზრისით.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ხორბლის სერტიფიცირებული სათესლე მასალით ფერმერების უზრუნველყოფის საკითხებზე. ამ მიზნით, სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილია სათესლე მასალის მწარმოებელი მეურნეობების შექმნა, სადაც ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოება შესაძლებელი იქნება ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის მიერ წარმოებული საბაზისო თესლის საფუძველზე.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც წლებია ახორციელებს მარცვლეული კულტურების პირველადი თესლის გამოყვანას, მომავალშიც უზრუნველყოფს თესლის მწარმოებელი ფერმერების სანდო სათესლე მასალით უზრუნველყოფას, რაც ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების ნათესი ფართობების ზრდისა და პოპულარიზაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.