დავით მათიკაშვილი: USAID-ის დახურვის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ტვირთის აღებას ევროპული ფონდები ცდილობენ
“ან უკვე დააფინანსეს ან არის მცდელობა, მილიონობით ევროთი დაფინანსდნენ ულტრა რადიკალური ძალები, “- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
„როდესაც USAID დაიხურა, როდესაც შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ დიახ, ეს თანხები მათ შორის, საქართველოში, ხმარდებოდა რადიკალიზმს და ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ამოტრიალების მცდელობას, ამ სიმძიმის წერტილმა უკვე ევროპაში გადაინაცვლა და ევროპული ფონდები შეეცადნენ, აეღოთ ის ტვირთი, რომელიც თავის დროზე ჰქონდა USAID-ს. დღეს ვხედავთ, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია – ან უკვე დააფინანსეს ან არის მცდელობა, მილიონობით ევროთი დაფინანსდნენ ულტრა რადიკალური ძალები.
ამ ყველაფრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოშია მიღებული, როგორც „ფარას“ კანონი, ასევე კონკრეტულ ფონდებთან დაკავშირებით ხარჯვის ნაწილში გაკონტროლების თვალსაზრისით, არის აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი ქვეყნის სუვერენიტეტის და ქვეყანაში დემოკრატიული აღმშენებლობის გასაძლიერებლად და გასაგრძელებლად, რასაც სამწუხაროდ, ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ფარგლებს გარედან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
“ქრონიკის” ინფორმაციით, ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული, მათ შორის არიან ქართული „ენჯეოები“.