გია ვოლსკი: საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ტუსკის განცხადება მტრულია

,,საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ტუსკის განცხადება არაადეკვატური, ანტიქართული და მტრულია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მიერ სეიმში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას გაკეთებულ განცხადებას, რომ რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს.

ვოლსკის თქმით, უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საუბარი პოლიტიკურია.

„ქართველები პოლონეთში დანაშაულს მართლაც სჩადიან, მაგრამ გაცილებით ნაკლები არიან რაოდენობრივად, ვიდრე სხვა არაერთი. ვფიქრობ, ეს ყურადღების გადატანის მცდელობაა, რადგან სეიმში საკმაოდ მძიმე განხილვა იყო ნდობასთან დაკავშირებით და არსებულ მთავრობას ნდობა მცირე უპირატესობით გამოუცხადეს.

დონალდ ტუსკის ეს ხისტი განცხადება მნიშვნელოვანწილად ამ ვითარების გამოძახილია, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ უცხო ქვეყანაში როცა ხარ, რასაკვირველია, დანაშაული არ უნდა ჩაიდინო, ყოველ შემთხვევაში, მთელი ერი მძიმე მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენო. ყველაზე ხშირი დანაშაული არის ქურდობა, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა და ნარკოტიკები. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მახასიათებელი არ არის მხოლოდ ქართველისთვის. რასაკვირველია, უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საუბარი პოლიტიკურია. არაადეკვატური განცხადებაა, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩერონ, ეს შეუსაბამო, პირდაპირ პოლიტიკური შინაარსის, ანტიქართული და მტრული განცხადებაა. ეს განპირობებულია იმ ვითარებით, რაც პოლონეთშია – ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი არ იყო არჩეული და ნდობაზე სეიმში მძიმე განხილვა იყო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები