“თითქოს, ეს ფილმი საშუალებას გვაძლევს , დავუფიქრდეთ წარსულს, ყოველდღიურობას და ვიფიქროთ, რა არის გასაკეთებელი, რომ ქართული გენი სათანადოდ იყოს დაფასებული”- დღეს თბილისში ილია ზდანევიჩის შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართება

დღეს, კინოთეატრ „ამირანში“,  „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დოკუმენტური ფილმის – „მარადიულნი: ყველაფრიზმის“, ჩვენება გაიმართება. ფილმი ილია მიხეილის ძე ზდანევიჩის (ფსევდონიმით ილიაზდის) ბიოგრაფიას ეძღვნება . ილია ზდანევიჩი ქართველი საზოგადო მოღვაწე, პოეტი, მწერალი, დრამატურგი, კრიტიკოსი, ფუტურისტი, „ზაუმის“ და დადას თეორეტიკოსი, ლექტორი, ისტორიკოსი, კურატორი, დიზაინერი, მიზანთროპი, ტიპოგრაფი, რედაქტორი, მკვლევარი და პუბლიცისტი იყო.
დოკუმენტური ფილმის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში მისმა ავტორმა, წამყვანმა და პროდიუსერმა, ბერდია კუტუბიძემ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორმა, ლადო ტატიშვილმა ისაუბრეს.

“ფილმზე, რომელსაც „მარადიულნი: ყველაფრიზმი“ ჰქვია , მუშაობა 2019 წელს დაიწყო. შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ პანდემიამ არა მხოლოდ ჩემი გეგმები შეცვალა. ფილმის მოსამზადებელი ფაზა, გადაღებების ძირითადი ნაწილი 2023-2024 წლებში მიმდინარეობდა. პროდუქტი 2024 წლის 9 ივნისს, ზუსტად 1 წლის წინ ბათუმში, დახურულ ჩვენებაზე წარვადგინეთ, ამჯერად კი ჩვენება თბილისში გვაქვს. თუმცა, მანამდე საეთერო პრემიერაც იყო. რაც შეეხება ილია ზდანევიჩს და მის ფენომენს, ამჯერად მის პიროვნულ და შემოქმედებით მხარეებზე საუბრით თავს შევიკავებ, მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი ვეცადეთ, ამ პიროვნების მიმართ, ამ ადამიანში განსხეულებული ქართული კულტურის მიმართ ჩვენი შთაბეჭდილებები ,განწყობა, ჩვენი აღქმები მაქსიმალურად გადმოგვეცა. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულება და ფუნქცია სწორედ ეს არის. ჩვენ მაქსიმუმი გავიღეთ. ხაზგასმით აღვნიშნავ იმას, რომ თითოეულმა ადამიანმა, რომლის ვინაობაც საფინალო ტიტრებში წერია, ყოველგვარი ფინანსური ინტერესების გარეშე , ამ იდეისთვის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღო. მათ ვემადლიერები. ნებისმიერი რთული იდეა განხორციელებადია, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მსგავსი მრავალწახნაგოვანი ადამიანის შემოქმედებას ეზიარები, თუ გვერდით ისეთი ადამიანები გეგულება, როგორებიც ჩემი შემოქმედებითი ჯგუფის წევრები არიან.

მინდა, მადლობა განსაკუთრებულად გადავუხადო ყველა იმ უწყებას, რომლებთანაც მე ამ ხნის განმავლობაში კომუნიკაცია და ურთიერთობა მქონდა. ვშიშობ, ვინმე რომ არ გამომრჩეს, ამიტომაც ისინი ყველანი ტიტრებში არიან მოხსენიებულები, ეს არის ეროვნული არქივი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნული მუზეუმი, ასევე მასალები კერძო კოლექციებიდან არის გამოყენებული. განსაკუთრებული მადლობა მინდა, “ილიაზდის კლუბის” პრეზიდენტს, ილია ზდანევიჩის მემკვიდრეს, ფრანსუა მერეს გადავუხადო, რომ არა მისი 24/7-ზე დახმარება და მასალების მოწოდება, კომუნიკაცია, ფიზიკურად ვერაფერს შევძლებდით. ბათუმში, ფილმის ჩვენებაზე ბატონ ფრანსუას ვუმასპინძლეთ და მან თქვა, მე სულ სხვა კუთხით დავინახე ილია ზდანევიჩიო. თუკი, ეს ფილმი მე, როგორც ავტორს, რაიმე სახით წარმატებას მომიტანს, აბსოლუტურად თანაბარწილად ვუზიარებ ჩემი შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს, უპირველეს ყოვლისა, “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” მსმენელ- მაყურებელს, თითოეულ ქართველს, იმიტომ რომ ზოგადად, ქართულ კულტურას და ქართულ ნიჭს მსოფლიო კულტურის ცივილიზაციისთვის, მსოფლიო კულტურისთვის ძალიან ბევრი აქვს გაღებული. ამიტომ, ვნახოთ ფილმი „მარადიულნი: ყველაფრიზმი“ და ჩვენი წარსულით ვიამაყოთ. აქვე მინდა, აღვნიშნო ის, რომ ეს არ არის მხოლოდ თემა, რაც იყო და ახლა ამჟამად ვყვებით, არა; თითქოს, ეს ფილმი საშუალებას გვაძლევს , საკუთარი თავი გადავაფასოთ, დავუფიქრდეთ წარსულს, ჩვენს ყოველდღიურობას და ვიფიქროთ იმაზე, რა არის ხვალ და ზეგ გასაკეთებელი იმისათვის, რომ ქართული გენია სათანადოდ იყოს დაფასებული”- განაცხადა ბერდია კუტუბიძემ.

ლადო ტატიშვილის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციაა, საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი ისეთი ადამიანი გააცნოს, როგორიც ილია ზდანევიჩი იყო.

“როცა “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს” დირექტორად ამირჩიეს , პირველი რაც ვთქვი: ყველანაირად ხელს შევუწყობდი იმას, რომ საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი კულტურა შეგვეტანა. გარდა იმისა, რომ მხატვარი ვარ, ჩემი უშუალო პროფესიაც ეს არის – კულტურა მედიაში. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ყველაფერი პოლიტიზირებულია, მათ შორის, კულტურაც და ჩვენი მთავარი მისია, მიზანი არის ის, რომ ხალხს, საზოგადოებას ვუთხრათ – კულტურა ყველასია, ზდანევიჩი აბსოლუტურად ყველას ეკუთვნის, მათ შორის საქართველოს. როცა ბერდია ჩემთან შემოვიდა, მაშინ ახალი მისული ვიყავი, მესაუბრა რომ ეს პროცესი გაჩერებული იყო და მასზე, ფაქტობრივად, ხელი ჰქონდა ჩაქნეული. იმიტომ, რომ როგორც აღნიშნა, პანდემიამ ყველაფერი შეაჩერა. როცა მომიყვა, ასეთ რაღაცას ვაპირებო, მე ვუთხარი, რომ ამაზე ფიქრი, მუშაობა აუცილებლად თავიდან უნდა დაგვეწყო. თემა მართლაც საინტერესოა. ეს ჩემი ინტერესიც იყო, იქიდან გამომდინარე, რომ მე ამ ადამიანის, ზდანევიჩის შემოქმედება მიყვარს. მას საზოგადოება ისე კარგად არ იცნობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ფუნქციაა, რაც შეიძლება მეტი, ასეთი ადამიანი გავაცნოთ საზოგადოებას,

რომლებიც ამბობდნენ, რომ ისინი ქართველები არიან და ქართულ კულტურას ავრცელებენ. ეს უდიდესი ფუნქციაა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, როცა მაუწყებელი ასეთ პროექტს მოეჭიდა. ჩვენი და ამ ფილმის მთავარი მისია რაც იყო, მგონია, რომ შევასრულეთ და დღეს თბილისის საზოგადოებაც ნახავს, ვისაც ეს ფილმი ჯერ კიდევ არ უნახავს, გეტყვით,რომ ის თავის სათქმელს ამბობს. ანუ შემეცნება და ის საგანმანათლებლო მიმართულება, რაც ამ ფილმს აქვს, მე მგონია, რომ 100%-ით შესრულებულია და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ფილმზე მუშაობდა, მაუწყებელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო, ვინც უანგაროდ დაგვეხმარა”- განაცხადა ლადო ტატიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები