წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ქალაქ ხაშურში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ხაშურში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს. ინფორმაციას, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, დირექტორის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები.
მასშტაბური პროექტი რამდენიმე ლოტისგან შედგება. პირველი ლოტის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აშენდება წყალარინების და მთლიანი ქალაქის წყალმომარაგების ქსელი. 2025 წლის ბოლოდან დაგეგმილია ქ. ხაშურის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.
კონტრაქტის ფარგლებში გათვალისწინებულია 200კმ წყალმომარაგებისა და 45 კმ წყალარინების სრულიად ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები. დღეის მდგომარეობით დასრულებულია წყალმომარაგების 140კმ ქსელის მოწყობა, სახლის მიერთება 5 200 ცალი. წყალარინების 14კმ ქსელი, სახლის მიერთება 482 ცალი, დამონტაჟებული ჭა 400 ცალი. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია JV of YDA Insaat Sanayi Ve Ticaret Anonim Sirketi & Ardem Yapi Gayrimenkul Insaat Taahut Akar. Mad.Tic. A.S. ახორციელებს. სამუშაოები საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, ღირებულება 145 მილიონ ლარზე მეტია.
პარალელურად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, მიმდინარეობს ხაშურის წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილების მშენებლობის სამუშაოები.
ასევე, დაგეგმილია წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, სატენდერო პროცედურები ფინანსური წინადადებების შეფასების ეტაპზეა. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის კომპონენტის ფარგლებში, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე მოეწყობა მზის პანელები, რაც შეამცირებს შემდგომში ელექტროენერგიის ხარჯს.
დაგეგმილია ხაშურის წყალარინების ქსელების განვითარების მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც აშენდება ქალაქის დარჩენილ ნაწილში წყალარინების ქსელი.
დღეის მდგომარეობით, ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები მოძველებულია, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ქალაქს წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ ხაშურის მოსახლეობა – 40 000 ბენეფიციარი , 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
ქალაქ ხაშურის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ჯამში – 300 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.