დავით სონღულაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი კომბინირებული საკვების საწარმო დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში კომპანია „სმარტ ფიდის“ კომბინირებული საკვების საწარმოს შესაძლებლობებს და სამუშაო პროცესს გაეცნო.
მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან გადამმუშავებელი სექტორის დაფინანსების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ზრდისთვის.
„მეცხოველეობისა და მეფრინველეობის დარგის განვითარების პარალელურად, დიდია მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკვებზე. მნიშვნელოვანია, ეს მოთხოვნა ადგილობრივმა წარმოებამ მაქსიმალურად დააკმაყოფილოს. წარმოების გაფართოება ზრდის დასაქმებულთა რაოდენობას, იქმნება ადგილობრივი პროდუქცია, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების საფუძველია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
კომპანია „სმარტ ფიდი“ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველებისა და ფრინველებისათვის სხვადასხვა სახეობის კომბინირებულ საკვებს აწარმოებს.
შპს „სმარტ ფიდი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ 2023 წელს კომბინირებული საკვების საწარმოს შექმნისათვის 1,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, 400,000 ლარი გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამით მოპოვებული რესურსია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 700,000 ლარს შეადგენს.
საწარმოს წარმადობა თვეში 1400 ტონა კომბინირებული საკვებია. ამ ეტაპზე წარმოების მაჩვენებელი 700 ტონამდე აღწევს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული.
სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამის თანადაფინანსებით საწარმოში ISO 22000 საერთაშორისო სტანდარტი დაინერგა.
აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში კომბინირებული საკვების საწარმოების შექმნის მიზნობრიობით გაცემულია 10,2 მლნ ლარის ღირებულების 14 აგროსესხი, სახელმწიფოს თანადაფინანსება, 2,8 მლნ ლარს აღემატება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე იმყოფებოდნენ.