ისრაელის საჰაერო ძალებმა დამასკოში, სირიის პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იტყობინება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელმა დამასკოში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამიზნეს დაარტყა.
„ისრაელმა გუშინ ღამით დამასკოში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად დარტყმა განახორციელა. ეს სირიის რეჟიმისთვის მკაფიო გზავნილია. ჩვენ არ დავუშვებთ ძალების დამასკოს სამხრეთით გაგზავნას ან დრუზების თემისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დრუზები ისლამის განშტოებული რელიგიური თემია, რომელსაც მიმდევრები ჰყავთ სირიაში, ლიბანსა და ისრაელში. დრუზებსა და სუნიტ შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკებები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.