რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის განვითარებისთვის 14 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
დავით ნარმანია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც გუბერნატორს, პარმენ მარგველიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა გუბერნატორს, გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ინფორმაცია მიაწოდა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო 2014 წელს რეგიონში გეგმავს.
სამინისტროს ცნობით, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება წელს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაა. ამ ტიპის პროექტებისათვის წელს რეგიონში 5 816 340 ლარი დაიხარჯება.
„მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის დაწყებასაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2014 წელს აპირებს, საჩხერე-შქმერი-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაა. საჩხერე-შქმერის გზის მონაკვეთზე პირველმა ტრაქტორმა 2013 წლის ოქტომბერში უკვე გაიარა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, თბილისიდან ონამდე გზა ორსაათნახევარში დაიფარება. რაც მთავარია, სიცოცხლე დაუბრუნდება ზემო რაჭის პრაქტიკულად დაცლილ ხეობას. ამ მონაკვეთზე გზის გაყვანა არაერთ ახალ სოციალურ და ეკონომიკურ პერსპექტივას გააჩენს.
2014 წელს დასრულდება ქ. ონის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილისა და ალპანა-ცაგერის მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოები.
გარდა ამისა, წყალ-კანალიზაციის მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში წელს 1 280 800 ლარის ღირებულების ორი პროექტი განხორციელდება. ონში დაგეგმილ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. 2016 წლამდე დასრულდება ქ. ონის წყალმომარაგების სისტემის სათავის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების რეგიონში განხორციელებას 2 456 300 ლარი მოხმარდება. დაგეგმილია ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს მიმდებარედ მდ. ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე არსებული მყარი ნარჩენების პოლიგონის დატბორვისა და გამორეცხვისგან დაცვის უზრუნველყოფის სამუშაოები. ასევე, მდ. შხიროლზე სახიდე გადასასვლელის მოწყობა; გუფთა-ონის საავტომობილო გზაზე არსებული მილის რეაბილიტაცია; ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე მიწის ვაკისის გამორეცხვის პრევენციული ღონისძიებები და საყრდენი კედლის აღდგენა; მდ. კრიხულაზე მოხდება არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია; მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებსაც. განხორციელდება ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზაზე არსებული სახიდე გადასასვლელის სავალი ნაწილის აღდგენა და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მიწის ვაკისის გამორეცხვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების სამუშოები. უსახელოხევის ნაპირსამაგრი სამუშაოების II ეტაპი განხორციელდება ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშიც,“ – აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის დამტკიცებული პროექტები, რომლის პრიორიტეტებიც თავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ განსაზღვრა. რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ უკვე დაამტკიცა რეგიონში განსახორციელებელი 4 548 315 ლარის ღირებულების 31 პროექტი. აქედან 2 პროექტით გათვალისწინებულია გზების რეაბილიტაცია, 16 პროექტით – საბავშვო ბაღების, ბიბლიოთეკისა და კულტურის სახლის რეაბილიტაცია; 10 პროექტით – წყლის სისტემებისა და კანალიზაციის მოწესრიგება; 3 პროექტით – ნაპირსამაგრი და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
ჯამში, 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 14 225 215 ლარი დაიხარჯება. აქედან, 9 676 900 ლარის სამუშაოების დაფინანსებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი დამატებით 4 548 315 ლარს მიიღებს.