ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ პირველად დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები იბრძოდნენ.
მმართველი პარტიის ცენტრალურმა სამხედრო კომისიამ განაცხადა, რომ მათი ჯარისკაცები, ლიდერ კიმ ჩენ ინის მიერ გაცემული ბრძანების თანახმად, რუსეთის ძალებს კურსკის ოლქის სრულად გათავისუფლებაში დაეხმარნენ.
“მსურს, ხაზი გავუსვა კურსკის რეგიონის მოსაზღვრე ტერიტორიების გათავისუფლებაში კონკრეტულად კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის ჯარისკაცების შეტანილ წვლილს, რომელმაც ჩვენს ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესაბამისად საკმაოდ დაგვეხმარა უკრაინული არმიის საბრძოლო ჯგუფის განადგურებაში, რომელმაც შეჭრა დაიწყო”,- რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჯარების განლაგების გადაწყვეტილება ფხენიანსა და მოსკოვს შორის დადებული ურთიერთდაცვის ხელშეკრულების შესაბამისად მიიღეს.
მანამდე, უკრაინის გენშტაბმა რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებები დასრულებულია, უარყო და რუსული მხარის განცხადება “პროპაგანდისტულ მახედ და სასურველის სინამდვილედ გასაღების სურვილად” მოიხსენია.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეისა და დასავლეთის დაზვერვა დიდი ხანია იუწყება, რომ ფხენიანმა გასულ წელს კურსკში ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა.