უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, უკრაინაში არსებული ომის შესახებ „რუსული ნარატივების გავრცელებაში“ დაადანაშაულა.
ზელენსკის თქმით, უიტკოფი „სამშვიდობო შეთანხმებაში“ უკრაინული ტერიტორიების შესაძლო ჩართვის შესახებ გაკეთებული განცხადებებით რუსულ ნარატივებს ავრცელებს.
„ვთვლი, რომ ბატონმა უიტკფომა საკუთარი თავისთვის რუსული მხარის სტრატეგია მიიღო. ვთვლი, რომ ეს ძალიან სახიფათოა, ვინაიდან ის – გააზრებულად თუ გაუაზრებლად, არ ვიცი – რუსულ ნარატივებს ავრცელებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, უიტკოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ერთად, პარიზში, ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებისთვის იმყოფება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები მიზნად ისახავს „პრეზიდენტ ტრამპის მიზნის წინსვლას, დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი და შეაჩეროს სისხლის ღვრა“.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას უიტკოფს სანკტ-პეტერბერგში უმასპინძლა.
რუსული მედიის ცნობით, მოლაპარაკებები ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა.