სიგარეტი დღეიდან მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება – “ეს ნორმა იმას ემსახურება, რომ თამბაქოს პროდუქტების მიმზიდველობა მაქსიმალურად შემცირდეს”
დღეიდან თამბაქოს კონტროლის რეფორმის ფარგლებში კიდევ ერთი რეგულაცია ამოქმედდა – სიგარეტი მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება. ამასთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „თამბაქოს კონტროლის ცენტრის“ დირექტორმა, გიორგი მაღრაძემ ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაცია იმას ემსახურება, რომ თამბაქოს პროდუქტების მიმზიდველობა მაქსიმალურად შემცირდეს.
“პირველი აპრილიდან საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ერთ-ერთი ნორმა ამოქმედდა, რომელიც სიგარეტის სადა შეფუთვით რეალიზაციას ითვალისწინებს. აქვე დავაკონკრეტებ, რომ აქ საუბარია ჩვეულებრივ, ტრადიციულ სიგარეტზე და სამწუხაროდ, გარკვეული გამონაკლისია დატოვებული გასახურებელი თამბაქოსა და ელექტროსიგარეტების სახით, რომლებიც ისევ ძველებურად, სხვადასხვაგვარი კოლოფით გაიყიდება. ჩვენი თვალსაზრისით, ეს ნაკლოვანებაა და იმედი გვაქვს, რომ გამოსწორდება. რაც შეეხება სადა შეფუთვით რეალიზაციას, ეს თამბაქოს კონტროლის ზომებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ნორმაა. მოგეხსენებათ, 2018 წლიდან, როდესაც ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა გაუმჯობესდა, მრავალი სხვადასხვა ნორმა იქნა მიღებული, ზოგი დაუყოვნებლივ, 2018 წლიდანვე შევიდა ძალაში, ზოგიერთი კი ნელ-ნელა ამოქმედდა. რას ითვალისწინებს სადა შეფუთვა: თამბაქოს ყველა პროდუქტი სტანდარტიზებულ შეფუთვაშია, ერთი ფერის კოლოფია, ერთნაირად გაფორმებული, მასზე აუცილებლად დატანილია სამედიცინო გაფრთხილებები, როგორც გრაფიკული სახით, ისევე ტექსტობრივად; თავად თამბაქოს ნაწარმის სახელი, ბრენდის სახელი, ან მისი ქვესახეობა წარწერით არის უბრალოდ მოცემული, ესეც სტანდარტული შრიფტით, ყველა ერთი ზომით და ერთი ფორმითაა დაწერილი. ეს ნორმა იმას ემსახურება, რომ თამბაქოს პროდუქტების მიმზიდველობა მაქსიმალურად შეამციროს, განსაკუთრებით მომავალი თაობისათვის და მათთვის ეს ნაკლებად მიმზიდველი გახადოს. მოგეხსენებათ, ადრე ჩვეულებრივი კოლოფი რეკლამირების შესაძლებლობას იძლეოდა. რაც თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობით რეკლამა აიკრძალა, კოლოფი, როგორც რეკლამის სახეობა მაინც რჩებოდა, სხვადასხვა ფერში, სხვადასხვა ფიგურებით გაფორმებული კოლოფები გარკვეულ საიმიჯო , სარეკლამო მასალას წარმოადგენდა . ძალიან გვიხარია, რომ ეს ნორმა საქართველოშიც ამოქმედდა, ისე როგორც ის ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმდებს. იმედი გვაქვს, რომ ეს ჩვენს მოსახლეობაში თაბაქოს მოხმარებას კიდევ უფრო შეამცირებს. ასევე, იმედს ვიტოვებთ იმისას, რომ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიმღები პირები იმ დასკვნამდე მივლენ, რომ თამბაქოს ყველა პროდუქტისადმი ერთნაირი მიდგომაა საჭირო, იგივე გასახურებელი თამბაქო, ელექტრონული სიგარეტები და თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტი ერთიან ფარგლებში მოექცევა.
თუ სიგარეტის რეალიზაცია მოხდება არა სადა შეფუთვით, მაგალითად, ისევ ძველი კოლოფებით ამ შემთხვევაში სავაჭრო ობიექტი 5 000 ლარით იქნება დაჯარიმებული, რისი აღსრულებაც შემოსავლების სამსახურს ეკისრება. მინდა, გითხრათ, რომ ეს სამსახური აქამდე არსებულ ამოქმედებულ ნორმებს საკმაოდ ეფექტიანად ადევნებდა თვალს და იმედი გვაქვს, რომ ამ ნორმასაც საკმაოდ ეფექტიანად განახორციელებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ კანონის აღსრულების ნორმებზე საზოგადოებრივ მონიტორინგს ვახორციელებთ. თუ ჩვენი მონიტორები ფაქტებს დააფიქსირებენ, როდესაც სიგარეტი იყიდება არა სადა შეთვით, არამედ ჩვეულებრივი, ძველი შეფუთვით, ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ შემოსავლების სამსახურს მიეწოდება და სავაჭრო ობიექტისათვის ჯარიმა, როგორც გითხარით, 5000 ლარია”- განაცხადა გიორგი მაღრაძემ.
როგორც მაღრაძემ განაცხადა, იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც აღნიშნული ნორმა მრავალი წელია მოქმედებს, აჩვენებს, რომ თამბაქოს პროდუქტების მიმზიდველობა და მოხმარება მცირდება, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე აისახება.
“ჩვენ ახალი ველოსიპედი არ მოგვიგონია, ამ თვალსაზრისით გამოცდილება უკვე არსებობდა, ეს, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნების გამოცდილებას ეფუძნებოდა, სადაც სადა შეფუთვა უკვე მრავალი წელია მოქმედებს, იქნება ეს , ავსტრალია, ახალი ზელანდია, თუ ევროპის ქვეყნების ძალიან დიდი ნაწილი. ნორმის მოქმედება ამ ქვეყნებში ყველგან ზუსტად იმას აჩვენებს, რომ თამბაქოს პროდუქტების მიმზიდველობა და მოხმარება მცირდება, რაც შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე აისახება. პირველ რიგში, აისახება მოხმარების დონის შემცირებაზე, ასევე იმ დაავადებების შემცირებაზე, რომელიც თამბაქოს მოხმარებას პირდაპირ უკავშირდება. ესენია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ”- განაცხადა გიორგი მაღრაძემ.