თამარ სანიკიძე პარლამენტში ვანო კიღურაძემ გააკრიტიკა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ივანე კიღურაძის განცხადებით, განათლების სამინისტრო ფაქტობრივად, ლომაიასა და შაშკინის კურსს აგრძელებს. განცხადება მან დღეს გამართულ კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ესწრებოდა.
“ნაციონალების ხელისუფლებამ კვლევითი დაწესებულებები დაანგრია, რომლის წყალობითაც საქართველო დამკვიდრდა მსოფლიოს ინტელექტუალურ რუკაზე. ახლა რა გამოდის, იმათ დაანგრიეს, ხელში ჩვენ მოგვცეს პისტოლეტი, რომ საკონტროლო გასროლა შევასრულოთ და ბოლო მოვუღოთ? არადა, სანამდე იარსებებენ ეს ადამიანები. პირადად მე არ მქონდა ლუკმა-პურის პრობლემა, მაგრამ რომ დაინახავ ღირსეული, მართლაც გამოჩენილი მეცნიერები საშინელ პირობებში არიან, როგორ შეიძლება დამშვიდებული ვიყო. ფაქტობრივად, დღეისათვის ის სიტუაცია გვაქვს და გამოდის, რომ სამინისტრო აგრძელებს ლომაიასა და შაშკინის კურსს. როგორ მდგომარეობაშიც იყო კვლევითი ინსტიტუტები, ისეთ მდგომარეობაში არიან დღესაც”, – აღნიშნა ივანე კიღურაძემ.
შენიშვნებს თავად მინისტრმა თამარ სანიკიძემაც უპასუხა და აღნიშნა, რომ სიჩქარე დამღუპველია და აუცილებელია თანმიმდევრული ნაბიჯები. “ნუ შევიყვანთ ნურავის შეცდომაში. გასაგებია, რომ ყველაფერი ძალიან გვეჩქარება. მე არ ვამბობ, რომ მეცნიერებს აქვთ ანაზღაურება, რასაც ისინი იმსახურებენ, მაგრამ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. სურათი, რომელიც დაიხატა, ნიშნავს, რომ დაინგრა და დაიქცა ყველაფერი და არაფერი არსებობს. ძალიან თანმიმდევრულად მივყვებით ყველაფერს და რაღაც ეტაპამდე მივედით. მე მგონი, მივდივართ სწორი მიმართულებით”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები