ირაკლი ალასანია ბიზნესმენებს შეხვდა

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა თემაზე: „ქვეყნის უსაფრთხოების გავლენა ეკონომიკის განვითარებაზე“ ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა სარა უილიამსონმა გახსნა.
სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ალასანიამ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით, ბიზნესსექტორისთვის ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობისა და მხარდაჭერის როლზე გაამახვილა ყურადღება.
ირაკლი ალასანიამ ასევე, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა, საერთაშორისო მშვიდობის პროცესში საქართველოს წვლილზე, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.
„ვისაუბრეთ, თუ როგორ ვითარდება საქართველოს უსაფრთხოება, რას უნდა ველოდოთ ნატო-საქართველოს სამიტის შემდეგ. ყველას კარგად გვესმის, რომ თუ არ იქნება უსაფრთხოება, ქვეყანა თუ არ იქნება დაცული და ქვეყნის თავდაცვაში თუ არ ჩაიდო სახელმწიფოსგან ინვესტიცია, ეკონომიკური განვითარება და სოციალური კეთილდღეობა ვერ განხორციელდება. ძალიან კარგად ესმით ჩვენს ბიზნესმენებს, ამერიკელებსაც სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვისაუბრეთ იმ პოლიტიკაზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ახორციელებს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ირაკლი ალასანიასთან შეხვედრა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ინიციატივით შედგა. ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.
შეხვედრას ბიზნესმენებთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებიც დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები