ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) იტალიური დიზაინის დღეს (IDD 2025) უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც KIU-ს ახალი პროგრამის – „დიზაინი“ პრეზენტაცია გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იტალიური დიზაინის დღე (IDD 2025) და KIU-ს ახალი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის – „დიზაინი“ პრეზენტაცია გაიმართა.
„ITALIAN DESIGN DAY“ – იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული ინიციატივაა, რომელიც საქართველოში უკვე მეცხრედ ჩატარდა. IDD 2025-ის ორგანიზატორები იყვნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), საქართველოში იტალიის საელჩო და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო (ICE-ITA). ინიციატივა აერთიანებს არქიტექტურისა და დიზაინის დარგების მნიშვნელოვან ფიგურებს, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. წლევანდელი შეხვედრის თემა გახლდათ – “Inequalities. Design for a better life”/„უთანასწორობანი. დიზაინი უკეთესი ცხოვრებისთვის“.
ღონისძიება გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ. მთავარი მომხსენებლები იყვნენ: ნეაპოლის ფედერიკო ll-ის სახელობის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი კარლა ლანჯელა და ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მატეო ვერჩელონი. ღონისძიებას დაესწრნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მარიამ კვირკვია, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი თვითმმართველობის, არქიტექტურისა და დიზაინის დარგების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები.
ღონისძიების უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახლდათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის პირველი საბაკალავრო პროგრამის – „დიზაინი“ წარდგენა, რომელიც წარადგინა ამავე სკოლის ხელმძღვანელმა-დეკანმა და IDD-ის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ ბოჭორიშვილმა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 2025-2026 აკადემიური წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ნეაპოლის ფედერიკო ll-ის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ახალი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის – „დიზაინი“ განხორციელებას იწყებს. პროგრამის წარმატებით დასრულებისას სტუდენტები მიიღებენ ორმაგ დიპლომს – როგორც KIU-ს, ისე ნეაპოლის უნივერსიტეტის დიპლომს, დიზაინის მიმართულებით. პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო აღიარებისა და კარიერული ზრდის განსაკუთრებულ შესაძლებლობას. სასწავლო პროცესს წარუძღვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორები. ერთობლივი პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში დიზაინის მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. გაცვლითი სემესტრის ფარგლებში ქართველ სტუდენტებს ექნებათ ნეაპოლის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა. თავის მხრივ, ნეაპოლის უნივერსიტეტის სტუდენტები, სულ მცირე, ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლიან KIU-ს კამპუსზე. როგორც გაცვლითი, ისე ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება გათვალისწინებულია აკადემიური პერსონალისთვისაც.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. უნივერსიტეტის იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის – საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.
ნეაპოლის ფედერიკო II სახელობის უნივერსიტეტი დაარსდა 1224 წელს, ჰყავს 90.000-ზე მეტი სტუდენტი და მსოფლიოში უძველეს სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენს.