გიორგი ვოლსკი: ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქმარი რუსეთში აწარმოებდა ბიზნესს და არაერთი მილიონი დოლარი შემოსავალი მიიღო
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ბალტიის ქვეყნების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესებას აფასებს. მისი განცხადებით, ამ ქვეყნების ქმედებებზე ყველას სერიოზული დაფიქრება მართებს.
„სწორედაც ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან ის ქვეყნები, რომელთაც არა თუ სანქციები ეკუთვნის, არამედ სერიოზული დაფიქრება მართებს ყველას – რამდენად დიდი მასშტაბია მათი ექსპორტის, რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის. ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქმარი რუსეთში აწარმოებდა ბიზნესს და არაერთი მილიონი დოლარი შემოსავალი მიიღო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კიდევ 55 ქართველს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.