საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გარკვეული ჯგუფების მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ეხმაურება გარკვეული ჯგუფების მიერ არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულ ინფორმაციას ქუთაისის აეროპორტის მიერ გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით, რომელიც ნორმების სრული დაცვით აეროპორტის ტერიტორიიდან მიუსაფარი ცხოველების გაყვანას ითვალისწინებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აეროპორტის ტერიტორიაზე გარკვეულ ადამიანებს მოჰყავთ და ტოვებენ აუცრელ ძაღლებს, გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც მიუსაფარმა ძაღლებმა მგზავრები, მცირეწლოვანი ბავშვები და თანამშრომლები დაკბინეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ აეროპორტში მგზავრების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სახელით, ვეხმაურებით გარკვეული ჯგუფების მიერ სოციალური ქსელებით არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ქუთაისის აეროპორტის მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და მისი თანამშრომლები თავად უზრუნველყოფდნენ და კვლავაც გააგრძელებენ აეროპორტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მიუსაფარი ძაღლების კვებას და საჭიროების შემთხვევაში ვეტერინარულ მანიპულაციებს. აეროპორტის თანამშრომლები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ცხოველთა უფლებების უპირობო დამცველები.

თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე გარკვეულ ადამიანებს მოჰყავთ და ტოვებენ მოუვლელ, აუცრელ ძაღლებს, რომლებზეც რასაკვირველია პასუხისმგებლობას აეროპორტის ადმინისტრაცია ვერ აიღებს. მოგეხსენებათ, რომ აუცრელი და მოუვლელი ძაღლები რეალური საფრთხეა მგზავრებისთვის. აეროპორტის ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, მიუსაფარ ძაღლებს უკბენიათ მგზავრებისთვის, თანამშრომლებისთვის და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის (ამის შესახებ არსებობს საჩივრებიც). აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ აეროპორტში მგზავრების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, რაც ჩვენი პრიორიტეტია.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგულარულად აცხადებს ტენდერებს კომპანიის გამოსავლენად, რომელიც საქართველოში არსებული ნორმების სრული დაცვით, აეროპორტის ტერიტორიიდან გაიყვანს აგრესიულ ცხოველებს, რათა დაცული იყოს მგზავრების უსაფრთხოების სტანდარტები. ტენდერების გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველია აეროპორტის ტერიტორიის სიახლოვეს გამავალი სატრანსპორტო საშუალებებიდან მიუსაფარი ძაღლების დატოვების გახშირებული ფაქტები. სატენდერო განაცხადში ცალსახადაა აღნიშნული, რომ აეროპორტის ტერიტორიის აგრესიული ძაღლებისგან გათავისუფლება უნდა მოხდეს ქვეყანაში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკით.

აქვე კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეული ადამიანების ჯგუფი მიზნობრივად არასწორი ინტერპრეტაციით ავრცელებს ინფორმაციას ტენდერის პირობების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები