”გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელსაც არც უნდა უკვირდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება, კვერცხი ესროლოს ან რაღაც შეურაცხყოფა მიაყენოს” – ვოლსკი

”გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელსაც არც უნდა უკვირდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება, კვერცხი ესროლოს ან რაღაც შეურაცხყოფა მიაყენოს – გადახედოს თავის საქმიანობას და ძალიან ადვილად დაასკვნის, რომ ამას არანაირი მაღალი დონის ორგანიზება არ სჭირდება, თუკი ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ამაზე გარკვეული რეაგირება მოახდინონ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, რა დროსაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას კვერცხები ესროლეს.

„შეიძლება, ორგანიზებული ყოფილიყო, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა, რომ ბიძინა ივანიშვილი, ან ხელისუფლების წარმომადგენლები თათბირობენ, კვერცხები ესროლონ გიორგი გახარიას. გიორგი გახარია არის თვითონ ადამიანი, რომელსაც არც უნდა უკვირდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება კვერცხი ესროლოს ან რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენოს. გადახედოს თავის საქმიანობას ბოლო პერიოდში. გადახედოს თავის საქმიანობას იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც სააკაშვილს ხვდებოდა ჩუმად, როდესაც რევოლუციას უპირებდა საკუთარ ქვეყანას, სისხლის ღვრისკენ მიჰყავდა სიტუაცია. გადახედოს ამას და ძალიან ადვილად დაასკვნის, რომ ამას არანაირი მაღალი დონის ორგანიზება არ სჭირდება, თუკი ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ამაზე გარკვეული რეაგირება მოახდინონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის მისასალმებელი. ზოგადად, პოლიტიკური ველი უნდა იყოს ჯანსაღი, აქ ვიდავოთ და არჩევნებზე გადავწყვიტოთ საკითხები,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს აეროპორტში “ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები