“აფხაზეთის ე.წ. არჩევნებისთვის რუსეთში ორი უბანი იყო გახსნილი, სადაც გუნბამ სადღაც, მხოლოდ 40 ხმით მოიგო, ე.ი. რუსეთი აფხაზების განწყობას იქაც ვერ მართავს”- ვახტანგ ყოლბაია

“ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რუსეთში ორი უბანი იყო გახსნილი. მოხდა ისე რომ, ამ ორივე უბანში სადღაც მხოლოდ 40 ხმით გუნბამ მოიგო, დანარჩენი ხმები მისმა ოპონენტმა აიღო. ე.ი.  პრაქტიკულად, რუსეთი აფხაზების განწყობას იქაც ვერ მართავს”- ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვახტანგ ყოლბაიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ყოლბაია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთის პროტეჟემ, პრაქტიკულად, კრახი განიცადა.

“მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა საკმაოდ აშკარაა და სხვა ძალიან სერიოზულ მომენტებსაც მოიცავს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, აფხაზეთში ე.წ. არჩევნები მსოფლიო პოლიტიკის ყურადღების მიღმაც არ დარჩა. საქართველოს პოლიტიკური განცხადებების გარდა, ევროსტრუქტურებმა, სხვა სახელმწიფოთა მეთაურებმა, თუ პარლამენტმა ცალსახა განცხადება გააკეთეს, რომელიც ე.წ. არჩევნებს არ ცნობს. შეკითხვაში ბრძანეთ, რომ მოსკოვის ფავორიტი გახლდათ ბადრა გუნბა, მაგრამ გახსოვთ, რად დაუჯდა ხაჯიმბას კრემლის მხარდაჭერა. პუტინთან სურათები ჰქონდა გადაღებული, ბილბორდებზე ეს სურათები იყო განთავსებული, მაგრამ მოხდა ის, რასაც უბედურება ჰქვია – შეტაკება, ადამიანი დაიღუპა. სხვათა შორის, ასეთი განწყობა ამ არჩევნების წინაც ისმოდა, როცა არძინბას მხარდამჭერები მის მხარდამჭერ შეკრებებზე, მიტინგებზე გამოდიოდნენ, იქ ითქვა, ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ იარაღი თუ შევნიშნეთ, რომ ეს არჩევნები კანონსაწინააღმდეგოდ მიდისო. მოხდა საოცარი რამ იმ თვალსაზრისით, რომ, პრაქტიკულად, გუნბას უალტერნატივო გამარჯვება უკვე, როგორც იტყვიან, ხელში ეკავათ, მაგრამ მოხდა ის, რაც აფხაზურ საზოგადოებაში ხშირად ხდება. ამ მხარდაჭერამ, მას როგორც იტყვიან, დათვური სამსახური გაუწია. ვარაუდობდნენ, რომ არძინბას ექნებოდა 15%-ის, ფარგლებში, მაგრამ 37%-მდე მივიდა. 54-55% გუნბას უნდა ჰქონოდა, მაგრამ 46%-ს ძლივს გადასცდა. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის: რუსეთში ორი უბანი იყო გახსნილი, ერთი ჩერკესკში და მეორე მოსკოვში, იქ გუნბას მაქსიმალური ხმები 100%-იანი გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ მოხდა ისე რომ, პრაქტიკულად, სადღაც მხოლოდ 40 ხმით ამ ორივე უბანში გუნბამ მოიგო, დანარჩენი ხმები მისმა ოპონენტმა აიღო. ესე იგი, პრაქტიკულად, რუსეთი იქაც ვერ მართავს აფხაზების განწყობას, მით უმეტეს, იმ ხალხის განწყობას, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. პრაქტიკულად, რუსეთის პროტეჟემ კრახი განიცადა. მეორე ტურიც არ არის მთლად ისეთი, რომ გარანტირებული აქვს გუნბას გამარჯვება, რადგან მეორე ტურში მოქმედებს ე.წ. კანონი, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, თუ პირველ კანდიდატს დავუშვათ, პირობითად 500 ხმა აქვს, მეორეს 400, მაგრამ ყველას წინააღმდეგ თუ არის 150 ხმა, ეს 150 ემატება მეორე ადგილზე გასულს. ასეთი ე.წ. კანონი არსებობს და გააცხადეს, რომ ეს მიდგომა ნარჩუნდება”- განაცხადა ყოლბაიამ.

მისივე თქმით,ხალხმა, პრაქტიკულად, უარი თქვა იმაზე, რასაც აფხაზეთში რუსეთის პოლიტიკა ჰქვია.

“იმ პლუსებს ჩამოვთვლი, რაც კრემლის კრეატურას, გუნბას აქვს. ეს არის უძლიერესი საშუალება – მედია, რომელიც მის მხარეზე მუშაობს, ესაა რუსეთის ტელევიზია, აფხაზეთის ტელევიზიის ძირითადი ნაწილი, თუ არ ჩავთვლით სხვადასხვა ტელეგრამებს, რომელიც მხარს, ძირითადად, ადგურს უჭერს, იმიტომ, რომ ხალხმა, პრაქტიკულად, უარი თქვა იმაზე, რასაც აფხაზეთში რუსეთის პოლიტიკა ჰქვია. ე.ი. აპარტამენტებზე, მიწების გასხვისებაზე, სამხედრო ნაწილების განლაგებაზე თქვა უარი. ე.ი. იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ახორციელებს მოსკოვი, ანდა განხორციელება უნდა. მოსახლეობა ამის წინააღმდეგ წავიდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება, პრაქტიკულად, რჩება სომხების იმედით, იმიტომ ,რომ სომხებს ყოველთვის ჰქონდათ ეს პოზიცია, რომ ისინი იყვნენ ძლიერთა მხარეზე, ე. ი. ხელისუფლების მხარეს და დღეს სომეხი ელექტორატი ამ ე.წ. არჩევნებში, პრაქტიკულად, მეორეა, თუ პირველი არ არის. ამას არძინბას მომხრეები გრძნობდნენ, სომხებთან სიარული და მოწოდება დაიწყეს, რომ მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც აფხაზეთს გამოადგება. მათ ჩათვალეს, რომ არძინბას მხრიდან მათზე ზეგავლენაა და გააკეთეს განცხადება, ამ არჩევნების და შემდგომ პერიოდში ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყავითო. გუნბას აქვს ის მდგომარეობა, რომ ელიტა, ადგილობრივი ადმინისტრაციული რესურსი მას უჭერს მხარს და ამან შეიძლება, გადაწონოს იმას, რასაც ხალხის განწყობა ჰქვია. ხალხის განწყობა აშკარად არის იმის წინააღმდეგ, რასაც გუნბა და რუსული მხარე ამ შემთხვევაში ვარაუდობენ.

გუნბა მოვა, თუ არძინბა, არიქა, ქართველებო, თქვენთან მოვდივართო – ამის მოლოდინი მე არა მაქვს. რაც არ უნდა იყოს, იქ აშკარად ანტირუსული პოლიტიკა ვერ განხორციელდება, რადგან აფხაზური მხარე ყველა შემთხვევაში მიიჩნევს, რომ მათი უსაფრთხოების გარანტი, მათი ე.წ. სახელმწიფოებრიობის გარანტი, მხოლოდ რუსეთი შეიძლება, იყოს. იმაზე მეტს, რაც გაკეთდა, ჩვენ ვერ გავაკეთებთ, გარდა იმისა, რომ ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნებს. ვინც არ უნდა მოვიდეს, მასთან უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა, თუმცა ურთიერთობა არცერთ წინა ე.წ. ხელისუფლებასთან საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონია, მაგრამ ,შეიძლება, ამ რეჟიმით ვიყოთ და ვეცადოთ, რომ იმ ე.წ. ახალ შემადგენლობასთან რაღაცნაირად გავშალოთ დიალოგი, რათა პოლიტიკურ ველზე, რომელსაც რეგიონული პოლიტიკური ველი ჰქვია, რაღაცა თუ შეიცვლება, ჩვენ მზად ვიყოთ აფხაზებთან პირდაპირ დიალოგში შესასვლელად”- განაცხადა ყოლბაიამ.

ცნობისთვის, 15 თებერვალს, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აქტივობამ 69% შეადგინა, კენჭისყრაში თითქმის 99 000 ადამიანი მონაწილეობდა. მათივე ინფორმაციით, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ ადგურ არძინბა, რომელმაც 36,92% დააგროვა და ბადრა გუნბა, რომელმაც ხმების 46,38% მიიღო. ე.წ. არჩევნების მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართება.

 

თამუნა შეყილაძე 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები