სამტრედიაში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები იწყება

“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სამტრედიაში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა“ – ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია, 15 კმ-იანი წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა, წყალმომარაგების, დაახლოებით 200კმ-იანი ქსელის რეაბილიტაცია/მშენებლობა, SCADA სისტემის მოწყობა. სრულად განახლდება საფილტრე გალერეები და საქლორატორო. პროექტს 130 მლნ ლარი მოხმარდება და ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

„გარდა ამისა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სამტრედიაში წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებსაც გეგმავს. ამ ეტაპზე, სატენდერო პროცედურების შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით დაგეგმილია: 5 კმ-იანი სიგრძის მთავარი კოლექტორისა და 16 სატუმბი სადგურის მშენებლობა, წყალარინების
145 კმ-იანი ქსელისა და საკანალიზაციო ჭების მოწყობა. აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. ასევე, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 30 კმ სიგრძის სანიაღვრე სისტემა.

ჯამში, ქალაქ სამტრედიაში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით 300 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება. პროექტების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები