ვლადიმერ ბოჟაძე დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე: სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ყველა რესურსი, რადგან, როცა სახელმწიფოს მიმართ არის მიზანმიმართული დაფინანსებული, ორგანიზებული შეტევა, ინსტიტუტებს ჰქონდეთ საშუალება, დაიცვან საკუთარი თავი და ქვეყანა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იმ საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობა შეაფასა, რომელთა შეტანაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში იგეგმება.
„სამ თვეზე მეტია, ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის შექმნის მცდელობა, მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკური თანამდებობის პირების, პოლიციელების, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ბულინგი, სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ყველა რესურსი, რადგან, როცა სახელმწიფოს მიმართ არის მიზანმიმართული დაფინანსებული, ორგანიზებული შეტევა, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჰქონდეთ საშუალება, დაიცვან საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პროექტის მიხედვით, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე. ასევე, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე, იკრძალება დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება. იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარისა და ძალადობისთვის.