ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ და პარლამენტში მუშაობას ოპოზიციის სტატუსით გააგრძელებენ 

„ქართული ოცნების“ დეპუტატები, ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ და პარლამენტში მუშაობას ოპოზიციის სტატუსით გააგრძელებენ.

ილია ინჯიას თქმით, ისინი ახალ ოპოზიციურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ჩამოაყალიბებენ.

„მანდატები შეუწყდათ სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ეს მოცემულობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოში ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური პარტია. როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია დაკავებულია არა პოლარიზაციის და სიძულვილის გაღვივებით, არამედ რეალურ საქმეზე ორიენტირებული კრიტიკით და ახალი ინიციატივების შემუშავებით, რომელიც ქვეყნის უფრო ეფექტურ მართვასა და სწრაფ განვითარებას ემსახურება. ყოველივე ზემო აღნიშნულთან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტია „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბებაზე. სრულად დავიცავით კოლეგიალობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს. ჩვენი დამოკიდებულება რადიკალური ოპოზიციის მიმართ დარჩება ისეთივე პრინციპული, როგორიც დღემდე იყო. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება. ამასთან, ჩვენს მისიას ვხედავთ ჯანსაღი ოპოზიციის მისიის შესრულებაში, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე და წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, შევა არგუმენტირებულ კამათში უმრავლესობის წარმომადგენლებთან, საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასდროს ვერ ჩამოყალიბდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემების ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ილია ინჯიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები