ადრენალინის ძიებაში
ექსტრიმი და მძაფრი შეგრძნებები მისთვის ყველაფერია – სამუშაოც და დასვენებაც… ცხოვრების ეს წესი მან მხოლოდ 25 წლის წინ „დააპაუზა“, მაშინ როცა დედა გახდა… მას შემდეგ ის კვლავ ჩვეულ რიტმში ცხოვრობს და გამუდმებით დაეძებს ადრენალინს… ნანა მამუკაშვილი ყველაზე „სტაჟიანი“ ქართველი ბაიკერი ქალი და „სასწრაფოს“ ერთადერთი ქალი მძღოლია.
– გაიხსენე შენი პირველი გასერნება ბაიკით – რამდენი წლის იყავი, ვინ გაგასეირნა და რა ემოციები გქონდა?
– როგორც ჩემები მიყვებოდნენ, ძალიან პატარა ვიყავი თურმე, როცა მამა წინ მისვამდა ბაიკზე, მაგრამ რაც მე თვითონ მახსოვს და რაც ვიცი, აღარასდროს დამავიწყდება – 5 წლის ვიქნებოდი, ალბათ, სიცხე მქონდა, ცუდად ვიყავი… მამამ ბაიკზე უკან დამისვა, მახსოვს, როგორ ვიყავი პატარა ხელებით მის ქურთუკს ჩაფრენილი, როგორ ვცდილობდი აღტაცებისგან ფართოდ გახელილი თვალებით ყველაფერი დამენახა, როგორ სწრაფად იკარგებოდნენ სახლები, ხეები, ადამიანები… ათწლეულები გავიდა, მაგრამ როგორც კი თვალებს ვხუჭავ, ყველაფერი ცოცხლდება… – ანუ მამა იყო ბაიკერი და შენ ოჯახურ ტრადიციას აგრძელებ?
– თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ოჯახური ტრადიციაა, რადგან მარტო მამა კი არა, ბაბუაც მოტომოყვარული იყო და მოტოციკლეტით დაქროდა (იცინის).ბაიკი არ ამირჩევია, მე ეს სისხლში მაქვს… და მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მოვხვდი ავარიაში და ბევრი ნაიარევიც მაქვს, ბაიკს თავს ვერასდროს დავანებებ…
– პირველი პირადი ბაიკი რა ასაკში გყავდა?
– იმის გამო, რომ გამხდარი ვიყავი და მოტოს დაჭერა მიჭირდა, თავიდან მამამ მოპედი მიყიდა, 9 წლის ვიყავი მაშინ… და 13-14 წლის რომ ვიყავი, უკვე თავის „400 -იან იავასაც“ მანდობდა…
– ზოგადად, როგორი დამოკიდებულებაა ჩვენთან ქალი ბაიკერების მიმართ? რამდენადაც ვიცი, არც ისე ბევრნი ხართ საქართველოში…
– არა, სულ 6-7 ვართ, უმრავლესობა ახალგაზრდები არიან, მე ყველაზე სტაჟიანი ვარ (იცინის). დამოკიდებულებას რაც შეეხება, როგორ გითხრათ… როცა ბაიკით ვარ, თავი წითელ ხალიჩაზე მიმავალი კინოვარსკვლავი მგონია (იცინის). ერთი ასეთი ბაიკერული იგავი არსებობს: ერთხელ ჭას, რომელიც ყველა სურვილს ასრულებს, ერთი ქალი მიადგება და სთხოვს: „მინდა, ყველას ერთნაირად მოვწონდე – დიდსაც და პატარასაც, ქალსაც და კაცსაცო“ და ჭა ბაიკს გაუჩენს (იცინის). ერთხელ, მახსოვს, ქუჩაში ბაიკით მივდიოდი და რაღაცისთვის გავჩერდი. გვერდზე მანქანიდან საკმაოდ ხნიერი, სოლიდური მამაკაცი გადმოვიდა, ცოტა ხანს მიყურა აღტაცებით, მერე ცალ მუხლზე დაიჩოქა, ხელზე მეამბორა და მითხრა: „ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში მაქვს ნანახი და არ შემიძლია თაყვანი არ გცეო“… აი, ასეთ პატივში ვართ ბაიკერი ქალები საქართველოში (იცინის).
– უცხოეთში ბაიკერობა ცხოვრების სტილია, ხშირად შფოთიანი… შენ „ხუთოსანი“ ბაიკერი ხარ?
– ნუ, სმას და ჩხუბს თუ გულისხმობ, მაშინ კი – ფრიადოსანი ვარ (იცინის), მაგრამ ისე, ბაიკერობა ჩემი ცხოვრების ნაწილია და მეც მოუსვენარი და შფოთიანი ვარ… მეგობრები მეხუმრებიან, ხშირად კარგს და ცუდს ერთნაირად იზიდავ და სულ შარს ეძებ, ან შარში იგდებ თავსო … მიყვარს თავგადასავლები, ჩემი ცხოვრების არც ერთი დღე არ ჰგავს მეორეს… თუმცა ჩემი თავგადასავლების სიყვარულით, ოჯახის წევრებს და მეგობრებს არასდროს ვუქმნი პრობლემებს – ზომა და წონა ყველაფერში ვიცი, თან საკმაოდ დადებითი ადამიანი ვარ, კაცთმოყვარე… მე თუ საქმე არ მაქვს და არ ვსეირნობ – ვვარჯიშობ… ხშირად ძალიან საშიშ ტრიუკებს ვასრულებ, თანაც დაზღვევის გარეშე…
– ადრენალინის „ლომკა“ ხშირად გაქვს?
– გამუდმებით, მგონი ძილშიც (იცინის. ხშირად გამიღვიძია, გავსულვარ ქალაქში დილის 3 საათზე და სიგიჟეები მიკეთებია… ერთხელ პატრულმა გამაჩერა და მითხრა: „სად ვთქვა, გოგო დავაჯარიმე, იმიტომ რომ ბაიკით ცალ ბორბალზე დადიოდაო (იცინის).. გთხოვ სახლში წადიო“- იცინოდა… გადაღებულიც მაქვს ჩემი ზოგი ტრიუკი, რომელსაც საქართველოში მგონი, ვერც ერთი ქალი ვერ გააკეთებს, მაგალითად, ბაიკზე ფეხებით დგომა და მისი უხელოდ მართვა…
– ავტომანქანას უკეთ მართავ თუ ბაიკს?
– მართალია, ბაიკის მართვის სტაჟი მეტი მაქვს და სხვანაირად მიყვარს, მაგრამ ავტომანქანასაც არ ვმართავ ცუდად (იცინის), სხვა შემთხვევაში სასწრაფოს მანქანაზე მძღოლად ვერ ვიმუშავებდი, მე ხომ გამუდმებით ექსტრემალურ პირობებში მუშაობა მიწევს, თან მარტო საკუთარი კი არა, ექიმების და პაციენტების სიცოცხლე მაბარია.
– „სასწრაფოს“ მძღოლი როგორ გახდი?
– რაღაც პერიოდი უცხოეთში, კუნძულ კვიპროსზე ვცხოვრობდი. იქ ჩვენი საკონსულო არ იყო და უსაბუთოდ ოჯახში ვერ იმუშავებდი – ბერძნებს ცოტა სხვა კანონები აქვთ. ამიტომ სიღარიბის დაძლევის კურსებზე ჩაბარება მომიწია, საიდანაც ერთ-ერთ კერძო კლინიკაში„სასწრაფოს“ მძღოლად დავიწყე მუშაობა… სწორედ იქ მიღებულმა პრაქტიკამ გამაბედინა საქართველოშიც მეცადა ანალოგიური სამუშაოს შესრულება…
ასე ვიშოვე სამსახური, რომელიც ჩემს ექსტრემალურ ხასიათში ყველაზე უკეთ ჯდება (იცინის). საერთოდ, მიმაჩნია, რომ ქალები მხოლოდ მაღალ ქუსლებთან არ უნდა ასოცირდებოდნენ. ჩვენ ძალიან ძლიერები რომ ვართ – ეს ფაქტია. ზოგადად, ჩემში არის ადამიანების გაკვირვების ამბიცია, მსიამოვნებს, როცა რაიმე სარისკოს, ვიღაცისთვის შეუძლებელს ვაკეთებ, თან ცოტა მამაკაცური რაღაცები მომწონს (იცინის), როცა სასწრაფოს მანქანაზე მხედავენ, გავმვლელებს ისე უკვირთ, ისეთი გაოცებული სახეები აქვთ… ბევრად უფრო გაოცებული, ვიდრე მაშინ, როცა ბაიკზე მხედავენ. კურიოზული სიტუაციაც ბევრი მქონია, არა მარტო მოქალაქეების, პოლიციის მხრიდანაც. ერთხელ, პაციენტი გადამყავს, უცებ პატრული მაჩერებს და მეუბნება – „მომეცით საბუთები. რატომ ზიხართ საჭესთან?“ ვმუშაობ-მეთქი ვუთხარი. – „ექიმს საჭესთან ჯდომის უფლება არ აქვს“, – მკაცრად მეუბნება. საბუთებს ვაწოდებ, თან მეც და ექიმებიც ვუხსნით, რომ ექიმი არ ვარ. „ვის აღადავებთ თქვენ?“ – ვატყობ, რომ უკვე ბრაზდება (იცინის). მერე, როცა მართვის მოწმობა ნახა, წამოიძახა: „ვაა, „ა“ კატეგორიაც“ გაქვთ?“, მერე უცებ სახე გაუნათდა „უი, ის გოგო ხართ, ბაიკერი?“ (იცინის).
– შენი აზრით მართლა ცუდი მძღოლები არიან თუ არა ქალები ზოგადად და რა არის ამის მიზეზი ?
– რა გითხრათ… ქალების უმრავლესობა ჩვენთან, მართლაც, უფრო ცუდად მართავს ავტომანქანას, ვიდრე კაცები, ამის მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ ქალები საჭესთან, ეს კულტურა, ახლო წარსულში შემოვიდა და ჯერ კიდევ ემჩნევა მოძრაობაზე მანქანას, რომ საჭესთან ქალი ზის და ზედმეტად ფრთხილობს… მაგრამ დამიჯერეთ, ახლანდელი თაობის გოგონები არაფრით ჩამოუვარდებიან ბიჭებს იმიტომ, რომ მართვას ადრეულ ასაკში იწყებენ… თუმცა კიდევ ერთი ფაქტორი არსებობს – ქალს დაბნევის მომენტი აქვს, აი ეს პრობლემა… ჩემი აზრით, თუ ქალმა დაბნევის მომენტი გადალახა, კაცზე გაბედული და რისკიანია… ერთ ამბავს მოგიყვებით, ამის მაგალითად ერთი ახალგაზრდა, რომელიც ძლიერ და ვაჟკაც მამაკაცად ითვლება და მაგარი სახელიც აქვს, ერთხელ უკან მოვისვი ბაიკზე, როგორც კი სიჩქარე 200 კმ/სთ ასცდა, შეშინებულმა მთხოვა, გააჩერე, ჩამოვალო… გოგონები კი პირიქით, აღფრთოვანებისგან კივიან და მთხოვენ 300- მდე ასწიეო (იცინის).
– შენი ქალიშვილი როგორ უყურებს იმ ფაქტს, რომ ბაიკერი დედა ყავს? თვითონაც ბაიკერი ხომ არ არის?
– არა, ბაიკერი არ არის, მაგრამ ამაყობს ჩემით… ბაიკის მართვა არ მისწავლებია, ეშინია დამოუკიდებლად ტარება, მაგრამ უკან უშიშრად მიზის, ალბათ, მენდობა… თუმცა მანქანის მართვა და ცხენზე ჯირითი პატარა ასაკშივე ვასწალე… ხშირად უთქვამს, „დე, მეგობრები სულ მეუბნებიან, რა მაგარი დედა გყავს და შენ ვის ჰგავხარ ასეთი მშიშარაო… მაგრამ არ არის მშიშარა, რომ ნახოთ, დედას ჯობია ჯირითში, საკმაოდ ურჩ ცხენზეც მჯდარა…
– ანუ, როგორც მივხვდი, ავტომანქანასთან და ბაიკთან ერთად, ცხენებსაც დააქროლებთ?
– რა თქმა უნდა… ბავშვობიდან ვგიჟდები ცხენებზე, ბაბუაჩემი კომუნისტების დროს ფერმის მმართველი იყო, ცხენები ჰყავდა და ერთი მაჩუქა. მე გავზარდე და გავხედნე. მამაჩემს მეორე შვილი ბიჭი უნდოდა, ჰოდა, როგორც ხშირად ხდება, ბიჭივით მზრდიდა. ბებია მეუბნებოდა ხოლმე, ცისარტყელას თუ გადაახტები, ბიჭი გახდებიო. მეც, მოვახტებოდი ჩემს ცხენს და ცისარტყელის საძებრად მივაქროლებდი… მერე, ხშირად გვეძებდნენ ხოლმე მე და ჩემს ცხენს (იცინის)… ცხენი, ბაიკი და მანქანა, ზოგადად, ექსტრიმი, ჩემი სტიქიაა, ერთგვარი ახალგაზრდობის ფორმულაა…
– ახლა რა მოდელის მოტოციკლი გყავს?
– „Kawasaki zr 750“- იანი… საკმაოდ ფიცხია, წონაც შთამბეჭდავი აქვს, 225 კილოგრამი.
– შენი საოცნებო ბაიკი, რომელია?
– საოცნებო ბაიკი? როცა რეალისტური ვარ ოცნებებში 2008 წლის„ Suzuki GSXR 1000“- ზე ვფიქრობ, მსუბუქი და ლამაზი მოდელია… და როცა ფრთებს გავშლი (იცინის), მაშინ „Kawasaki HR2 1000“… და, იმისიც მჯერა, რომ თუ ძალიან მოინდომებ, ოდესმე ყველა ოცნება ახდება…
გიორგი მიქაძე