მარკო რუბიო – რუსეთ-უკრაინის ომზე: ნებისმიერი მოლაპარაკება დათმობებს გულისხმობს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციაა, რომ ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს მოლაპარაკებებით, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკება ორივე მხარიდან დათმობებს გულისხმობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში გამოუვალი მდგომარეობის დაფინანსებას ითხოვს, რაც ომის გაჭიანურებას იწვევს.
“ეს რთული დიპლომატიური პროცესია, მაგრამ მოლაპარაკების ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს და ამას დრო დასჭირდება. ეს ომი არ დასრულდება ერთ-ერთი მხარის მიერ მაქსიმალისტური მიზნების მიღწევით და ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობ, მხოლოდ შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შეუძლია, ეს შესაძლებელი გახადოს. ადვილი არ იქნება და ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ ვიცი, რომ ტრამპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ამას მიაღწიოს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.