“ტრიქინელოზი რთული და საშიში დაავადებაა, ჯანმრთელობას არ უნდა ვეხუმროთ, როდესაც გარეთ ჩამოკიდებულ ხორცს ვყიდულობთ, რომელსაც არც რაიმე ნიშანდება აქვს და არც შესაბამისი პირობებია დაცული” – FAO-ს პროექტის მენეჯერი

“ტრიქინელოზი საკმაოდ რთული და საშიში დაავადებაა. ერთადერთი და მთავარი გამოსავალი ისაა, რომ ხორცი აუცილებლად სუპერმარკეტებში, იმ ადგილებში უნდა შევიძინოთ, სადაც პირობებია დაცული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ სასაკლაოდანაა მიღებული” – ამის შესახებ „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პროექტის მენეჯერმა, ვეტერინარმა მიხეილ სოხაძემ მედიაჰოლდინგ  “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სოხაძე ტრიქინელოზის დადასტურებულ შემთხვევას გამოეხმაურა და განმარტა, თუ რა   დაავადებაა ის და რა გზით შეიძლება, დაემართოს ადამიანს.

“ეს არ არის არც ბაქტერიული, არც ვირუსული, არც სოკოვანი დაავადება, შეხებით, ან აირ-წვეთოვანი გზით რომ გადადიოდეს, ის მხოლოდ დაავადებული ხორცის ჭამით გადადის. საქართველოში ღორების რაოდენობა 2007 წელს დაფიქსირებული ღორის აფრიკული ცხელების გამო საკმაოდ შემცირდა. იყო რაღაც პერიოდი, 2014-დან 2018 წლამდე, როდესაც ტრიქინელოზის შემთხვევები, პრაქტიკულად, არ გვხვდებოდა.  თუმცა, საქართველოში ეს დაავადება ყოველთვის იყო. საკმაოდ რთული და საშიში დაავადებაა, თუ სწორად არ მოვიქცევით. ეს პირველ რიგში,  ფერმერებს ეხებათ, ვისაც ღორები ჰყავთ, ასევე ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ღორის ხორცს შეიძენს და მონადირეებისაც. აღნიშნული დაავადება პარაზიტითაა გამოწვეული. ესაა მრგვალი ჭია. ღორები ისეთ პირობებში იზრდებიან, სადაც მათ თავისუფლად შეუძლიათ,   ტრიქინელოზით დაავადებული მღრღნელები მიირთვან. სწორედ მღრღნელები გახლავთ ის ძირითადი რეზერვუარი, რომლებიც დაავადების გავრცელებას უწყობენ ხელს. რა თქმა უნდა, ეს დახურულ მეურნეობაშიც შეიძლება მოხდეს, თუმცა, აქ დაავადების გაცილებით ნაკლები ალბათობაა. ღორს სიმპტომები არ გამოეხატება ხოლმე, პარაზიტების მიმართ ძალიან ამტანია, თუ ძალიან დიდი ინვაზია არაა, ფაქტობრივად,  არაფერი არ ეტყობათ, წონაშიც კი არ იკლებენ.  თუ პარაზიტებით ინფიცირება მაღალ დონეზეა, ამ დროს შეიძლება, კოჭლობა დაეწყოთ, ძირითადად, ეს ძალიან იშვიათად ხდება. ამიტომ, სანამ ცხოველი არ დაიკვლება, მანამდე დაავადების რაიმე პროგნოზირება საკმაოდ რთულია. ერთადერთი და მთავარი გამოსავალი  ისაა, რომ ხორცი აუცილებლად უნდა შევიძინოთ სუპერმარკეტებში, იმ ადგილებში, სადაც პირობებია დაცული, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორცი ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ სასაკლაოდანაა მიღებული.

ტრიქინელოზი როდესაც ადამიანის ორგანიზმში ხვდება, რამდენიმე ციკლს გადის. ჯერ კუჭში ხვდება, შემდეგ ნაწლავში გადადის, შემდეგ ლიმფაში, შემდეგ სისხლში, მთელ ორგანიზმში ცირკულირებს. მათი შეკრების ძირითადი ადგილი, რა თქმა უნდა, განივზოლიანი კუნთებია,  თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ტვინშიც ასულა და უმძიმესი დაავადება გამოუწვევია. საკუთარ ორგანიზმს და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას არ უნდა ვეხუმროთ, როდესაც  გარეთ ჩამოკიდებულ ხორცს ვყიდულობთ, რომელსაც არც რაიმე ნიშანდება აქვს და არც შესაბამისი პირობებია დაცული. თუ ცხოველს სახლში კლავთ, მაშინ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ: ხორცის რამდენიმე ნაწილი ვეტერინარს შესამოწმებლად უნდა წაუღოთ. ადამიანი, მხოლოდ მაშინ ხარ დაცული, როდესაც ცხოველის დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ ხდება”- განაცხადა მიხეილ სოხაძემ.

მანვე განმარტა, რა სიმპტომები აქვს დაავადებას.

“როდესაც ადამიანი დასნებოვნებულ ხორცს მიიღებს, პირველი შეგრძნება გულის რევა და დისკომფორტია, შესაძლოა, ფაღარათიც გამოიწვიოს, შემდეგ ეს თითქოს განელდება. 2-3 კვირის შემდეგ ლარვები განივზოლიან კუნთებში იბუდებენ და ამ დროს თვალების, სახის შეშუპება იწყება, ასევე სახსრებისა და კუნთების ტკივილი.  უმძიმესი დაავადებაა, რადგან ესაა პარაზიტი და პარაზიტისგან გათავისუფლებას საკმაოდ მძიმე პრეპარატები სჭირდება. მარტივად რომ გითხრათ, შხამი სჭირდება, რათა პარაზიტი მოკლას. ორგანიზმი ბოლოს განიკურნება,   მაგრამ მკურნალობის პროცესმა, შესაძლოა, საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიწვიოს, სხვა რამ შეიძლება, დაზიანდეს. პარაზიტისგან გათავისუფლება საკმაოდ რთული, სარისკო საქმეა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დაავადება ფატალურადაც დასრულებულა.

რა თქმა უნდა, ტრიქინელოზიანი ღორის ხორცის მირთმევა მიზანშეწონილი არაა, ის ერთმნიშვნელოვნად განადგურებას ექვემდებარება, თუმცა, თუ 60 გრადუსზე, საკმაოდ დიდ ხანს მოვხარშავთ, მაშინ პარაზიტები კვდებიან. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა 60 გრადუსზე ვსაუბრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გრადუსი მინიმუმ რამდენიმე წუთის განმავლობაში ხორცში უნდა იყოს, რათა იქ ტრიქინელას ლარვები დაიხოცოს”- განაცხადა სოხაძემ.

ცნობისთვის, ტრიქინელოზით დაავადების ფაქტზე “სურსათის ეროვნულმა სააგენტომ” მოკვლევა დაიწყო.

“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 27 იანვარს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. შეტყობინების თანახმად, 63 წლის პაციენტს დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე საკვებად მიღებული აქვს სოფელ ოზურგეთში ნაყიდი ღორის ხორცი და კუპატი (ხორცი მიიღო ოჯახის სხვა წევრმაც, თუმცა, ამ დროისთვის მას დაავადების ნიშნები არ აღენიშნება). დაავადებული პირი ხორცის და სურსათის გამყიდველის ვინაობას ვერ ასახელებს.
შეტყობინების მიღებისთანავე, რეაგირებისთვის ინფორმაცია მყისიერად გაეგზავნა გურიის რეგიონულ სამმართველოს და ვეტერინარიის დეპარტამენტს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოკვლევა უკვე დაიწყეს.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს ხორცი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა, ღორი არ არის დაკლული სასაკლაოზე და, შესაბამისად, უცნობია, არის თუ არა შემოწმებული ტრიქინელოზზე”- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

 

თამუნა შეყილაძე  

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები