ვლადიმერ ბოჟაძე 6 მილიარდიან ინვესტიციაზე: ასეთი მსხვილი ინვესტიციის განხორციელება ნიშანია სხვა ინვესტორებისთვისაც, რომ ქვეყანაში მომავალშიც გაგრძელდება ეკონომიკური წინსვლა
,,ასეთი მსხვილი ინვესტიციის განხორციელება ნიშანია სხვა ინვესტორებისთვისაც, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა მიმზიდველია”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ საქართველოში 6 მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი პროექტები ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ემაარმა უკვე გამოაქვეყნა სავარაუდო პროექტები, ადგილმდებარეობა, მონახაზი, რა და როგორ გაკეთდება, ეს იქნება ერთი დედაქალაქში, კრწანისის პარკის მიმართულებით და მეორე – გონიოში. რა თქმა უნდა ასეთი პროექტების განხორციელება ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთი მსხვილი ინვესტიციის განხორციელება ნიშანია სხვა ინვესტორებისთვისაც, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა მიმზიდველია, რომ ქვეყანაში მომავალშიც გაგრძელდება მშვიდობა და სტაბილურობა, ეკონომიკური წინსვლა“, – აცხადებს ბოჟაძე.
ცნობისთვის, დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.