შალვა პაპუაშვილი – პროტესტის მონაწილეებზე: გააკეთონ გვარამიას მხარდამჭერების მარში, რატომ არ ატარებენ? დავინახოთ, ვინ არის ის ხალხი, ვინც გვარამიას, ხაზარაძეს, გახარიას მისცა ხმა, დაგვენახეთ ყველა, რატომ რცხვენიათ ამის თქმა?

დღემდე აქციის ვერც ერთმა მონაწილემ ვერ გაბედა თქმა, ვის მისცეს ხმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„რატომ ვერავინ ამბობს? კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამასობაში ალბათ, ფანტაზია კიდევ განავითარეს და რაიმე ახალი მარში მოიფიქრეს. გააკეთონ გვარამიას მხარდამჭერების მარში. რატომ არ ატარებენ? დადგნენ ერთად და დავინახოთ, ვინ არის ის ხალხი, ვინც გვარამიას ხმა მისცა. დავინახოთ ის ხალხი, ვინც ხაზარაძეს ხმა მისცა, ადამიანს, რომელსაც 600 000 დოლარი ბიუჯეტის ვალი აქვს იმის გამო, რომ ცრუ ბრალდებით ცდილობდა, მილიარდ-ნახევარი ქართველი ხალხისთვის ბიუჯეტიდან წაერთმია. დაგვენახეთ, რომელმა მიეცით ხმა გახარიას, დაგვენახეთ ყველა. რატომ რცხვენიათ ამის თქმა?

ფარსი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ [ევროკავშირთან] მოლაპარაკებები შეაჩერა, დასრულდა გუშინ, ყველაზე გვიან, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ და ამ აქტიურმა ხალხმა თავად თქვეს, რომ ამ ასამბლეასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ თავად კი არ დგამს პირველ ნაბიჯს, ეს არის რეაქციებიო. თავადვე დაასრულეს საკუთარი პროპაგანდისტული ფარსი, თითქოს, 28 ნოემბერს ხელისუფლებამ რაიმე გააჩერა და რაიმეზე უარი თქვა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პროტესტის საფუძველი არის არჩევნები და ეს არის დამარცხებული ელექტორატის რეაქცია.

„თქვენ გახსოვთ 27 ოქტომბერი, მეორე დღეს ვიდეოები იდებოდა, რომ ტიროდნენ. ანუ ადამიანებს ჰქონდათ ემოციური კრიზისი, მათ ეგონათ, რომ ისინი არიან უმრავლესობა საქართველოში და აღმოჩნდა, რომ ისინი არიან არა თუ უმცირესობა, არამედ უმცირესობის უმცირესობის უმცირესობა. 10%-ზე მეტი ვერ აიღო ვერც ერთმა მათმა მოწონებულმა პარტიამ მაშინ, როდესაც 54% აიღო „ქართულმა ოცნებამ“. „ქართულ ოცნებასა“ და მეორე ადგილზე მყოფ პარტიას შორის 800 000 ხმა არის განსხვავება. ეს გარკვეული ფსიქოლოგიური კრიზისია.

სოციალურმა მედიამ და იქ მათმა აქტიურობამ – 500-მა კაცმა რომ იაქტიუროს, ჰგონიათ, რომ მთელი სამყაროა, შემდეგ უცხოელების მხარდაჭერამ და წაქეზებამ, რომ კი, თქვენ ხართ ქართველი ხალხი, ამ 500, 1000 კაციანმა „ბაბლმა“ ჩათვალა, რომ ისინი არიან უმრავლესობაში. 26 ოქტომბერს მიხვდნენ, რომ ისინი არიან უმცირესობა.

ნაცვლად იმისა, რომ ეს მიეღოთ და ეფიქრათ იმაზე, რომ „შემდეგ ჯერზე როგორ დავარწმუნოთ სხვები, რომ ჩვენს აზრზე დავაყენოთო“, გადაწყვიტეს, რომ შური იძიონ საზოგადოების უმრავლესობაზე და უმცირესობამ უმრავლესობას უკარნახოს თავისი პირობები. გარკვეული აპარტეიდის სურვილები აქვთ საერთო ჯამში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ბრალდებები არ დადასტურდა.

„ხან თქვეს ერთი რამე გაყალბებასთან დაკავშირებით, რომ ერთი პირადობის მოწმობით ხდებოდა რამდენიმე აპარატში ხმის მიცემა, რაც იყო ტყუილი და რაც დადასტურდა და ეუთო/ოდირმაც დაადასტურა. მეორე, მესამე, რამდენი ტყუილი თქვეს, ბოლოს გაჟონაო [ბიულეტენზე მარკერმა] და მაგაზეც თქვა ეუთო/ოდირმა, რომ ტყუილია. ანუ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანეს ვერაფრის, მაგრამ არიან ასე ფსიქოლოგიურ დაბნეულობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, პროტესტის მონაწილეებს რცხვენიათ იმის თქმა, ვის მისცეს ხმა არჩევნებზე.

„ჩვენ ვართ „ქართული ოცნება“, ჩვენ ვართ 1 120 000 მოქალაქის მიერ მხარდაჭერილი „ქართული ოცნება“ და თითოეული ადამიანი გამოვა და იტყვის, რომ ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“. მათ კი რატომ რცხვენიათ, თქვან, რომ გვარამიას დაუჭირეს მხარი? რატომ რცხვენიათ და ვერ ბედავენ თქმას, რომ ხაზარაძეს მისცეს ხმა? რცხვენიათ და ვერ ბედავენ თქმას, რომ გახარიას მისცეს ხმა? გამოვიდნენ და თქვან. როგორც კი გამოვლენ ეს ფრთიანი ანგელოზები და აღმოჩნდება, რომ თურმე გვარამიას მისცეს ხმა, მერე გველაპარაკონ თავის ღირებულებებზე და თავის ევროპულობაზე. მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რომ გვარამიას მხარდამჭერია, იტყვის, მე ვარ ევროპელიო? ხაზარაძის მხარდამჭერმა, გახარიას მხარდამჭერმა როგორ უნდა თქვას, რომ მას ევროპულობა უნდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები