ლევან დავითაშვილი: „2028 წელს ანაკლიაში მივიღებთ პირველ გემებს და პორტში პირველი ტვირთი შევა”

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმდინარეობაზე გააკეთა კომენტარი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ანაკლიაში სამშენებლო სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მისი თქმით, საერთაშორისო ავტორიტეტულ საინჟინრო საპროექტო კომპანია Royal Haskoning DHV-სთან ერთად, რომელიც სამშენებლო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ქვეკონტრაქტორია, მოხდა საპროექტო პირობების და დეტალების დაზუსტება, შედეგად, პროექტი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და განხორციელებისას უფრო ეფექტიანი იქნება.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიაში, სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარეობს ინერტული მასალის მობილიზება, ასევე მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები, რომელიც მნიშვნელოვანია პორტის მშენებლობისთვის. მისი თქმით, თვის ბოლომდე დანიაში დაგეგმილია ტალღების ზემოქმედების კვლევის ჩატარება, რომლის შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება. „სამშენებლო სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ის, შესაძლოა, უფრო სწრაფადაც განხორციელდეს,” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„ინვესტორის შერჩევის პროცესში გვაქვს პროგრესი. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება მნიშვნელოვან საკითხებზე, ჯერჯერობით, ვერ მოგაწვდით ამაზე მეტ ინფორმაციას. მოხდება კონსორციუმის გაძლიერება – მისი შემადგენლობა უფრო სოლიდური იქნება, რაც ამ პროექტს გაამყარებს. მეტ ინფორმაციას თებერვალში მოგაწვდით,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობამ პრეტენდენტთან წინადადების დაზუსტების მორიგ თარიღად 2025 წლის აპრილი განსაზღვრა. „მოლაპარაკების დროს პრეტენდენტის მხრიდან ბევრი საკითხი დაისვა. ჩვენ პასუხი გავეცით და მოვითხოვეთ დაზუსტებები. ეს არის სამუშაო პროცესი და დროში პროექტის განხორციელებას არ შეცვლის. 2028 წელს ჩვენ მივიღებთ პირველ გემებს და ანაკლიის პორტში პირველი ტვირთი შევა,” – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები