მაჭარაშვილი – აშშ-ზე: სტრატეგიული ურთიერთობის მომხრე ვიყავით და ვიქნებით, ოღონდ იმ შემთხვევაში, რომ ჩვენ აღგვიქვამენ, როგორც სუვერენულ და ტრადიციულ ქვეყანას

“დღეს ამერიკაში პრეზიდენტი ხდება ადამიანი, რომელმაც წინასაარჩევნოდ მკაცრად განსაზღვრა ამერიკის სამომავლო საგარეო და საშინაო პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკაში პირდაპირ თქვა, რომ ის უკრაინაში ომს დაასრულებს. ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურთან ერთად, ის აპირებს, რომ მსოფლიოში მშვიდობა შეინარჩუნოს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“შიდა, ეროვნულ პოლიტიკაში ტრამპმა თქვა, რომ ის აკრძალავს ლგბტ და ტრანსგენდერულ სიგიჟეებს. ასევე სკოლებში შეუშვებს ოჯახური ღირებულებების სწავლებას. ჯო ბაიდენს ტრამპი არცერთ საკითხში არ ეთანხმებოდა და შესაბამისად, გამოდის, რომ მსოფლიო დღის წესრიგი აუცილებლად შეიცვლება. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის მოლოდინი, რომ მსოფლიო დღის წესრიგის შეცვლასთან ერთად, საქართველოზეც ბუნებრივად აისახება ეს მოვლენები. ტრამპს აქვს საერთაშორისო საგარეო პოლიტიკაში მშვიდობის და უკრაინაში ომის დასრულების სურვილი, ეს საქართველოს სახელმწიფოსთან პირდაპირ ინტერესშია.

აქედან გამომდინარეობს, რომ იმედი გვაქვს, გვექნება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა, ევროკავშირშიც გაიაზრებენ, ამერიკაში რა პოლიტიკის მატარებელი ადამიანი მოვიდა პრეზიდენტად და ბუნებრივად მოხდება ევროკავშირშიც გარკვეული ცვლილებები და საქართველოსთან მიმართებით ურთიერთობების გადატვირთვა. სტრატეგიული ურთიერთობის მომხრე ვიყავით და ვიქნებით, ოღონდ იმ შემთხვევაში და იმ პირობებით, რომ ჩვენ აღგვიქვამენ, როგორც სუვერენულ და ტრადიციულ ქვეყანას. ტრამპის ადმინისტრაცია საჯაროდ აცხადებს, რომ სულ სხვა პოლიტიკის მატარებლები არიან, ვიდრე ბაიდენი იყო, ეს ძირითად შემთხვევაში ემთხვევა საქართველოს და ჩვენი საზოგადოების პოლიტიკას. აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, სტრატეგიული ურთიერთობები აღდგება. ამასთან, ე.წ. სანქციები რუსეთთან მიმართებით და ა.შ. ტრამპის და მისი მომხრეების მხრიდანაც უკვე პირდაპირ ითქვა, რომ აუცილებლად გადახედავენ, რადგან უკრაინასა და დანარჩენ მსოფლიოში ეს მშვიდობის შენარჩუნებისთვის არგუმენტი არ არის. რასაც ჩვენ ვამბობდით, მათ შორის „ხალხის ძალა“, უმრავლეს შემთხვევაში ტრამპის განცხადებებს ემთხვევა. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება, უფრო უკეთეს და პოზიტიურ დონეზე იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები