“ჩვენს ეკონომიკაში რუსული რუბლის მიზერული წილია” – ოთარ ანგურიძე
ეკონომისტი ოთარ ანგურიძე ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დეპოზიტების პორტფელში რუსულ რუბლში განთავსებული დეპოზიტების წილი 0.17%-ია.
“დეპოზიტებში 0, 17 % რუსული რუბლის არსებობა, პრაქტიკულად, არარსებობას ნიშნავს, იმდენად მიზერულია, იმდენად მცირეა ამ ვალუტის არსებობა ჩვენს სადეპოზიტო სივრცეში. თუმცა, რატომ გახდა ამაზე ყურადღების გამახვილება საჭირო, გაუგებარია. მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ, რომ არანაირი პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ან რუბლების, ან რუსული კაპიტალის შემოსვლას, პრაქტიკულად, არ არსებობს. საბანკო სექტორი რუსულ საბანკო სექტორზე მიერთებული არ არის. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენს ეკონომიკაში რუსული კაპიტალი თითქმის არ არის წარმოდგენილი. რუსეთის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, სადეპოზიტო ნაწილში, ბუნებრივია, ძალიან დაბალია. თუ ვინმე ამასთან მიმართებაში ღელავს, შეგვიძლია, ვუთხრათ, რომ სანერვიულო არაფერია, ჩვენს ეკონომიკაში, პრაქტიკულად, რუსული რუბლების მიზერული წილია. რომ ნახოთ სხვა ეკონომიკებში, მათ შორის ევროპის, დარწმუნებული ვარ, რუსული კაპიტალი მათ საბანკო სექტორში გაცილებით მეტი პროცენტი შეიძლება, აღმოჩნდეს”, – განაცხადა ანგურიძემ.
ცნობისთვის, როგორც Business Insider Georgia-ს სებ-ში განუცხადეს, რუსულ რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობის წილი საბანკო სისტემაში მთლიანი დეპოზიტების 0.17%-ს შეადგენს.