ლევან მაჭავარიანი: გარე უფროსები თავიანთ აგენტურას ავალებენ, არ გამოცხადდეთ კომისიაზე, რათა კანონის შესაბამისად სანქცია შეეხოთ, აღმოჩნდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მეტი სალაპარაკო მიეცეთ, რომ თითქოს საქართველოში პოლიტიკური დევნაა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „გარე უფროსებმა ოპოზიცია ქუჩაში დატოვეს, როდესაც სიები ჩაახსნევინეს“.

როგორც მან „ღამის კურიერის“ ეთერში განმარტა, იგივე „გარე უფროსები“ ახლა „თავიანთ აგენტურას“ ავალებენ, კანონი დაარღვიონ, რათა ციხეში აღმოჩნდნენ და შეიქმნას ისეთი სურათი, თითქოს პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი.

„ისინი აკვირდებიან, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში. მათ, ანუ ოპოზიციის გარე უფროსებზე მაქვს საუბარი, ოპოზიცია დატოვეს ქუჩაში, როდესაც ჩაახსნევინეს სიები. 61 მანდატი სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის. სერიოზული ტრიბუნის გამოყენება შეეძლოთ პარლამენტში, კომისიებში მონაწილეობა და ა.შ. თვითონ დატოვეს ქუჩაში, ვინაიდან ეგონათ, რომ იმ წნეხის საფუძველზე, „ქართულ ოცნებას“ გადაადგმევინებდნენ იმ ნაბიჯებს, რაც გადაგვადგმევინეს 2020 წელს, როდესაც ჩვენ კომპრომისებზე წავედით. ჩვენ კომპრომისებზე არ წავედით, ოპოზიცია დარჩა ქუჩაში. შემდეგ არის საგამოძიებო კომისია, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და ალბათ, ყველა ეთერში ეს უკვე გავიდა ოპოზიციური ტელეარხების გარდა. აშშ-დან დაწყებული, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია – ყველაზე დემოკრატიული ქვეყნები, თუ რა სანქცია მოჰყვება იქ, როდესაც პოლიტიკოსი ხარ თუ ბიზნესმენი ხარ, ყოფილი პრემიერი ხარ თუ პრეზიდენტი საგამოძიებო კომისიაზე არ მიდიხარ. აბსოლუტურად ყველგან არის სანქციები და, ხშირ შემთხვევაში, გაცილებით მკაცრი სანქციებია, ვიდრე ამას ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა. იმ ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა მონაწილეობდა 2003-2011 წლებში, რასაც ჩვენ ვისმენთ და ვუყურებთ. ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით, მაგრამ ახლა უშუალოდ დაზარალებული მხარისგან ვისმენთ ამ ყველაფერს, რაც გაცილებით მძიმეა. რა თქმა უნდა, ვისთანაც კითხვის ნიშნებია, ყველა არის დასაბარებელი. თუ ადამიანი მართალი ხარ, რაზეა საუბარი, მიდი და დაამტკიცე შენი სიმართლე, მთელი საქართველო გიყურებს. ახლა თავიანთ აგენტურას ავალებენ, არ გამოცხადდეთ კომისიაზე, რათა თქვენ კანონის შესაბამისად სანქცია შეგეხოთ, რომ აღმოჩნდეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ჩვენ კიდევ მეტი სალაპარაკო მოგვეცეს, რომ საქართველოში თურმე პოლიტიკური დევნაა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები