ლევან მაჭავარიანი – Meta-ს გადაწყვეტილებაზე: რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან მათ ეცლებათ ხელიდან ძალიან სერიოზული ბერკეტი სოციალური მედიის მართვის კუთხით
რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან მათ ეცლებათ ხელიდან ძალიან სერიოზული ბერკეტი სოციალური მედიის მართვის კუთხით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
დეპუტატი ფაქტების გადამოწმების პროგრამების გაუქმების შესახებ კომპანია Meta-ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ყველაზე მსხვილი ფაქტჩეკერი ორგანიზაციები ქალბატონი კინწურაშვილისა და სერგი კაპანაძის მფლობელობაში იყო. შეგახსენებთ, ეს ორივე პიროვნება იკავებდა ძალიან მაღალ თანამდებობას ბატონი სააკაშვილის მმართველობის – „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. შესაბამისად, რასაც ისინი ეწეოდნენ ინფორმაციის დაბლოკვის ან დამახინჯების კუთხით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამომდინარეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ინტერესებიდან. ძალიან რთულია, შეიტანო ეჭვი იმაში, რომ ისინი მიუკერძოებლად მოქმედებდნენ. შესაბამისად, ჩვენს მოსახლეობასაც ექნება იმის საშუალება, რომ ყველანაირი ინფორმაცია მიიღოს დამახინჯების გარეშე და შემდეგ უკვე თვითონ გააანალიზოს თავისი შეგნებით, თუ რომელი ინფორმაცია უფრო სანდოა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან მათ ეცლებათ ხელიდან ძალიან სერიოზული ბერკეტი სოციალური მედიის მართვის კუთხით“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, კომპანია Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს და თავის პლატფორმებზე, Facebook-სა და Instagram-ზე სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვას აუქმებს.