არჩილ გორდულაძე – მაკკეინის ინსტიტუტის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის სტიპენდიის დანიშვნაზე: სამშობლო არ იყიდება არც ჯილდოებზე და არც ჩინ-მედლებზე

აქ არის ყველაზე დიდი ამორალურობა. ადამიანები საკუთარ ქვეყანას ყიდიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სადღაც, რომელიღაც კაბინეტში იქნება, თუ რომელიღაც უნივერსიტეტში წითელი ხალიჩა დაუგონ, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის სტიპენდიის დანიშვნაზე.

„ტრენდად არის უკვე ქცეული, რომ ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ ადამიანებს, თავიანთ ჯაშუშებს პირდაპირი მნიშვნელობით ჯაშუშურ საქმიანობას შემდეგ უფასებენ ხოლმე. ჩვენ გვახსოვს მაგალითად, როგორ წარადგინეს გარკვეულ ჯილდოზე ნიკა გვარამია, მათ შორის ლომჯარია, ახლა სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ძალები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ და რომლებსაც Deep State-ს ვუწოდებთ ხოლმე თავიანთ აგენტურას პირდაპირი მნიშვნელობით ცდილობენ, რომ წაახალისონ, წითელი ხალიჩები დაუგონ. აქ არის ყველაზე დიდი ამორალურობა. ადამიანები საკუთარ ქვეყანას ყიდიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სადღაც რომელიღაც კაბინეტში იქნება, თუ რომელიღაც უნივერსიტეტში წითელი ხალიჩა დაუგონ. სამშობლო არ იყიდება არც ჯილდოებზე, არც იმ ჩინ-მედლებზე, რომლებიც ასე უნდათ ხოლმე რომ ჩამოიკიდონ და ძალიან ჰგავს დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის, რუსეთის იმპერიის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის და თავადაზნაურობის მიმართ, რომლებსაც ჩამოჰკიდებდნენ ხოლმე გარკვეულ მედლებს და ამით აფასებდნენ მათ ერთგულებას რუსეთის იმპერიისადმი“, – განაცხადა გორდულაძემ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატი გახდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მაკკეინის ინსტიტუტის გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უცხო ძალების დავალებების შემსრულებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები