ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შეზღუდვის საათები გაიზარდა. ამიერიდან დღე-ღამეში ელექტროენერგია 6 საათის განმავლობაში გამოირთვება – ოთხი საათი დღის განმავლობაში, ორი კი, ღამით.
„რუსეთის ფედერაციის ელექტროენერგიის დაზოგვის აუცილებლობის გამო, 9 იანვრიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას“, – აღნიშნულია საოკუპაციო რეჟიმის ენერგეტიკული კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება “ენგურჰესის” წყალსაცავში წყლის დაბალ დონეს უკავშირდება. გასული წლის 11 დეკემბრიდან მოსახლეობას ელექტროენერგია დღეში სამ საათზე ნაკლები დროით მიეწოდებოდა, 23 დეკემბერს კი რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის „ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება“ დაიწყო. ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ახალი წლის დღეებში არ მოქმედებდა.