„დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.
„პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სთეითის“ მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, რაც, გვჯერა, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში.
ევროპაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა – „სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის არჩევით, მაგრამ ბრიუსელი კვლავ მის ხელშია“. ბუნებრივია, სოროსში არა კონკრეტული ადამიანი, არამედ „დიფ სთეითის“ უკან მდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმება.
„დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ მეტასტაზების აქტიურობის შედეგია არა მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიის არსებული ანტიქართული პოლიტიკა, არამედ უხეში ლგბტ-პროპაგანდა და მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს თანმიმდევრულად იდენტობას აკარგვინებს და რითაც ჩვენ ქვეყანასაც უშუალოდ ემუქრებიან.
იმედი გვაქვს, 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამასთან, საქართველო არა მხოლოდ პასიურად უნდა დაელოდოს ცვლილებებს ევროკავშირში, არამედ თავადაც აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში.
მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში – ეს არის დევიზი, რომელიც 2030 წლამდე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის უნდა გახდეს თანაცხოვრების საკვანძო პრინციპი”, – ნათქვამია განცხადებაში.