კომპანია RMG-ი “ნაციონალურ მოძრაობას” სიცრუეში ადანაშაულებს

 

   “ბატონი გივის განცხადებით, “არემჯი გოლდისთვის” 2014 წლის აპრილში, პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე, ლიცენზიის ვადის გაგრძელება არის კორუფციული გარიგება, რის შედეგადაც სახელმწიფომ დაკარგა შემოსავალი. ამის დამადასტურებლადაც ასახელებს 2011 და 2012 წლებში სალიცენზიო გადასახადის სახით “არემჯი გოლდის” მიერ 204 მილიონის გადახდას ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განცხადებაში მოცემული ფაქტები შეესაბამება სიმართლეს, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” ლოგიკური დასკვნა არ არის ლოგიკური და სიცრუეა. 2014 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც 2013 წელს, კულტურის მინისტრის ბრძანების საფუძველზე საყდრის-ყაჩაღიანს მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და კომპანიას შეეძლო ამ უბანზე სამუშაოების წარმოება, კომპანიის მიმართვის საფუძველზე, მთავრობამ გააგრძელა 1994 წელს გაცემული ოცწლიანი ლიცენზიის მოქმედება 8 თვით, იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე 8 წელი (2006-2013 წლები) არ შეეძლო, ესარგებლა სალიცენზიო ტერიტორიაზე არსებული საბადოთი. თუმცა, სასამართლო პროცესების გამო, საყდრის-ყაჩაღიანის ათვისება არ დაწყებულა და, შესაბამისად, “არემჯის” არანაირი შემოსავალი არ მიუღია, რადგან ეკონომიკური საქმიანობა არ უწარმოებია. გადასახადებს რაც შეეხება, ბატონი გივის განცხადებაში მითითებული 204 მილიონი ლარი წარმოადგენს სალიცენზიო გადასახადს, რომლითაც კომპანიამ შეიძინა ახალი, ოცდაშვიდწლიანი ლიცენზია ოქროსა და სპილენძის მოპოვებაზე და რომლის მოქმედება დაიწყება 2015 წლის 1 იანვარს. ეს არ იყო ეკონომიკური საქმიანობის შედეგად გადახდილი რეგულარული გადასახადი, არამედ წარმოადგენდა ერთჯერად გადასახადს ბიუჯეტში, რომლის შედარებაც ჩვენს შემთხვევასთან არის სრულიად შეუსაბამო და დილეტანტური.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ გვსურს განვაცხადოთ, რომ გივი თარგამაძის ბრალდება არის ტყუილი და, ჩვენი ვარაუდით, მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით და საყდრისის პრობლემის კონსტრუქციული საკითხის დისკრედიტაციის მცდელობით არის ნაკარნახევი. შესაბამისად, ამ მიზნით “არემჯის” საქმიანობაში კორუფციული კვალის ძიება სრულიად უადგილოა. ჩვენი კომპანიის საქმიანობა გამჭვირვალეა, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და ბიზნესის წარმოების ეთიკურ ნორმებს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები