კონკურენციის სააგენტოს ბიზნესსუბიექტების მონოპოლიური საქმიანობს შესწავლას სთხოვენ

„ადამიანი კანონი თავისუფლება“ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ კონკურენციის სააგენტოს საქმიანობა ეფექტური და შედეგიანი იქნება.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არსებობს გამყარებულია ეჭვი იმისა, რომ საქართველოში სფეროების მონოპოლიზაციისა და კარტელური გარიგებების შემთხვევები ხშირია.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოების განწყობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრდა და დღესაც ნარჩუნდება.
მათივე განცხადებით, კონკრეტული ბიზნესსუბიექტების მიერ მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტების სამხელად აუცილებელია, რომ შესაბამისი კანონმდებლობა და პოლიტიკური ნება არსებობდეს.
“ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მსგავსი სურვილი წლების განმავლობაში არავის გამოუხატავს. მისასალმებელია, რომ ახალი ხელისუფლება ამ საკითხით დაინტერესდა და პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა ბიზნესის განვითარებისათვის. მით უმეტეს, რომ, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ახალი, წარმატების მომტანი ბიზნესის შთანთქმა მსხვილი, სამთავრობო ლობის გავლენის მქონე კომპანიების მიერ ხდებოდა.
წლების განმავლობაში ბაზრიდან ქრებოდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი კომპანიები, რომელთა ხარჯზეც ბაზრის ლიდერები ჩამოყალიბდნენ. ამის ნათელი მაგალითია ნავთობიმპორტიორები, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანიები, მობილური ოპერატორები და სხვა. არსებობენ იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც ექსკლუზიურად ფლობენ ხორბლის და ფქვილის იმპორტს საქართველოში. ეს მდგომარეობა კი სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ამ ბიზნესების მიღმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი მოიაზრება. ჩვენი ორგანიზაცია გაეცნო კონკურენციის სააგენტოს უფლებებსა და მოვალეობებს; განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებით დიდი ბრუნვის (20 მლნ) მქონე კომპანიების მხრიდან სხვა ეკონომიკური სუბიექტის შერწყმის შემთხვევაში, სავალდებულო ხდება სააგენტოს საქმის კურსში ჩაყენება განზრახულ ქმედებებთან დაკავშირებით. კონკურენციის სააგენტო შეისწავლის საკითხს და შეაფასებს, შექმნის თუ არა ბაზარზე ეს გარიგება მონოპოლიის საფრთხეს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ თავის დროზე სადაზღვევო კომპანიები სხვადასხვა სქემით მოქმედებდნენ. მაგალითად, სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ არაერთი კომპანია შეიერთა და პრაქტიკულად ჩამოყალიბდა მონოპოლისტად. ასევე აღსანიშნავია GT მობილის ბაზრიდან გაქრობა, რომლის ლიცენზია შემდგომ „ჯეოსელმა“ შეიძინა. ამ ბაზარზე შემდგომ გამოჩნდა შპს „მობიტელი“, რომელიც წარმოდგენილია „ბილაინის“ ბრენდით და მას თავის დროზე უამრავი პრობლემის გადალახვა მოუხდა ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად.
მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზარი, რომლის მონოპოლიზაციის და კარტელური გარიგებების შესახებ უკვე წლებია საუბარი მიმდინარეობს. რეალურად ფარმაცევტულ ბაზარზე არსებობენ მსხვილი მწარმოებლები და იმპორტიორები, რომლებიც ბაზრის უდიდეს ნაწილს ფლობენ, ხოლო ავტორიზებული აფთიაქები, რომლებიც კონკურენციაში ვერ შედიან მათთან, სააფთიაქო ნარკომანიის მაცოცხლებელ სუბიექტებად დარჩნენ.
ყურადსაღებია ნავთობიმპორტიორთა საქმიანობაც. ამ სფეროში კარტერული გარიგების რეალური ნიშნები მას შემდეგ გაჩნდა, რაც „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ გამოჩნდა „გალფის“ ბრენდით და ბაზრიდან გააძევა რამდენიმე მოთამაშე, კერძოდ – „მაგნატი“, „სენტა“ და „ეკო ჯორჯია“. გარდა ამისა, წლების განმავლობაში საწვავის და ბუნებრივი აირის ექსკლუზიურ იმპორტს ახორციელებდა „სოკარი“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ადამიანი, კანონი, თავისუფლებას“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კანონმდებლობის ამოქმედება არათუ დროული, არამედ დაგვიანებულიცაა და კონკურენციის სააგენტოს უამრავი ბიზნესსექტორი და ბიზნესსუბიექტი ექნება შესასწავლი. ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“ უახლოეს მომავალში გეგმავს მიმართოს კონკურენციის სააგენტოს კონკრეტული ბიზნესსუბიექტების საქმიანობის შესწავლის მიზნით.
„ვიმედოვნებთ, რომ სააგენტო იქნება ქმედუნარიანი, დაიცავს თითოეული ბიზნეს სუბიექტის ინტერესებს, მოემსახურება ბიზნესის განვითარებას და კონკურენციის გაზრდას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები