გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს 12 ავტომობილი შეემატა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ თეიმურაზ ხარაშვილთან ერთად, სასწრაფო დახმარების ახალი მანქანების აღჭურვისა და გაფორმების პროცესს დაესწრო.
დავით სერგეენკო მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დააკვირდა. აღჭურვის პროცესთან ერთად სასწრაფო დახმარების მანქანებში გათბობის სისტემაც მონტაჟდება. სპეციალურად ამისთვის თბილისს კომპანია „FORD“-ის წარმომადგენელი ეწვია.
სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება უკვე დაიწყო. პირველ ეტაპზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს 12 ავტომობილი შეემატა. კომპანია “GT MOTORS“-ი, რომელიც ცენტრისთვის ავტომობილების მიწოდებას უზრუნველყოფს, მანქანების მომდევნო ნაკადს 20 ოქტომბრისთვის შემოიყვანს. 2015 წლის დასაწყისისთვის კი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი სრულად განახლდება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარების 220 ძველი მანქანა ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტომობილით ჩანაცვლდება. აღჭურვისა და გაფორმების შემდეგ ავტომობილები სასწრაფო – სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებში გადანაწილდება. სასწრაფო – სამედიცინო დახმარების პერსონალს ახალი ფორმებიც დაურიგდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები