სირიაში, დედაქალაქ დამასკოსთან ახლოს სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც, შესაძლოა, 100 ათასი ადამიანის ნეშტი იყოს,- ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ადამიანები ბაშარ ასადის პრეზიდენტობის დროს მოკლეს და შემდეგ დამარხეს. სამარხი ერთ-ერთი სირიული უფლებადამცველი ორგანიზაციის წევრმა, მუაზ მუსტაფამ აღმოაჩინა.
მისი თქმით, ალ-კუტაიფში აღმოჩენილი სამარხი, რომელიც დამასკოდან 40 კილომეტრშია, არის ერთ-ერთი იმ ხუთი სამარხიდან, რომელიც მან უკანასკნელ წლებში აღმოაჩინა.
“ახლად აღმოჩენილ სამარხში, შესაძლოა, მოკლულების რიცხვი 100 ათასსაც აჭარბებდეს. არ არის გამორიცხული, რომ სირიელების გარდა იქ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების მოკლული მოქალაქეების გვამებიც იყოს”,- აღნიშნა მუსტაფამ.