ირაკლი ქადაგიშვილი: შესაძლებელია ისაუბრო კონკრეტულ გადაცდომაზე, კონკრეტულ დანაშაულზე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ როგორ ხდება სიების გამოქვეყნება, სამართალდამცველების ოჯახებზე ბულინგი და უშვერი გინება
,,როდესაც საუბარია ასეთი რაოდენობის ადამიანების დაკავებაზე, თითოეულ დაკავებასთან დაკავშირებით თუ რაიმე გადაცდომა ან გადაჭარბება იყო ან დაზიანებაა მიღებული, რა პირობებშია, რა ხარისხის დაზიანებაა, რით არის გამოწვეული, ამას ყველაფერს უნდა გამოძიება. ზოგადად ნათქვამი სიტყვით არ ნიშნავს, რომ ვიღაც ადამიანი შენ შეგიძლია დაადანაშაულო”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება ყველა შემთხვევაში, ყველა საკითხთან დაკავშირებით თავის ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე მივა.
„ჩვენ ვნახეთ სოციალურ ქსელებში ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გავრცელდა სხვადასხვა პირების ფოტოები, რომ ეს იყო თავდამსხმელი. იქ აღმოჩნდა შემდეგ, რომ რომელიღაცა ოპოზიციონერი ოჯახის შვილი იყო და მისი მშობლები ამბობდნენ, რომ ჩემი შვილი არაფერ შუაშია და ა.შ. განცხადებები კეთდება ბევრნაირი, შეფასებები კეთდება ბევრნაირი, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილება ვერ დადგება ვერცერთ საკითხთან დაკავშირებით, თუ შესაბამისი მაღალი ხარისხის მტკიცებულებები არ იქნება შეგროვებული. „მე ასე ვფიქრობ“ ან „სოციალურ ქსელში ასე ლაპარაკობდნენ“, ამით სასამართლოში გამოძიება და ბრალდება ვერ წავა. გამოძიება ყველა საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს, იქნება ამომწურავი და შედეგები დადგება.
ხშირ შემთხვევაში პოლიციის მხრიდან ძალადობის, გადაჭარბების ან სხვა დარღვევის შემთხვევაში როცა არის საუბარი, ერთი რამ გავითვალისწინოთ. ამაზე ხშირად ვინც აპელირებს, მისი მიზანი ის კი არ არის, რომ კონკრეტული გადაცდომა ან დამნაშავე ან დამრღვევი იქნას დასჯილი, ხშირ შემთხვევაში მიზანია არის, რომ ასეთი რამ გამოყენებული იქნას საპოლიციო ძალების ბულინგის, მათზე შეტევის და სამართალდამცავი სტრუქტურების განეიტრალების და ჩამოშლის მიზნით. ეს უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან.
შესაძლებელია ისაუბრო კონკრეტულ გადაცდომაზე, კონკრეტულ დანაშაულზე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ როგორ ხდება სიების გამოქვეყნება, სამართალდამცველების ოჯახებზე ბულინგი, სამართალდამცველებზე უშვერი გინება, უშვერი სიტყვებით მათი ოჯახის წევრების მოხსენიება მიტინგის მიმდინარეობის და დაპირისპირების დროს, რათა სწორედ ასეთი გადაცდომები იქნას გამოწვეული იმიტომ, რომ იქითა მხარესაც საბოლოო ჯამში ადამიანი დგას, რომელსაც რაღაც მომენტში შეიძლება უმტყუნოს ნერვებმა.
გამოძიება ყველა შემთხვევაში, ყველა საკითხთან დაკავშირებით თავის ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე მივა და საქმე შესაბამისად სასამართლოში იქნება მიტანილი, მაგრამ ეს არ და ვერ იქნება გამოყენებული ზოგადად საპოლიციო და სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაციისა და ჩამოშლისაკენ მიმართული“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.