“გატარებული ღონისძიებების შედეგად, სესხების ლარიზაცია გაიზარდა” – ნათია თურნავა
“გატარებული ღონისძიებების შედეგად სესხების ლარიზაცია გაიზარდა”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფით ლარის მიმართ ნდობა იზრდება, რაზეც საბანკო სექტორის დეპოზიტების ლარიზაციის ტენდენციები მიუთითებს.
„2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მას შემდეგ, 20 თვის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. 2024 წლის ნოემბერში ინფლაციამ 1.3 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის შემცირების ფონზე, 2023 წლის მაისიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით 8.0 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.2%-ის ფარგლებში იქნება, საშუალოვადიან პერიოდში კი მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.