სირიელი ლტოლვილები ქვეყანაში დასაბრუნებლად ემზადებიან

ქვეყნის სამოქალაქო ომის დროს გაქცეულმა ათასობით სირიელმა ასადის მთავრობის დამხობა და მათი დიდი ხნის ნანატრი სურვილი – სამშობლოში დაბრუნება აღნიშნა, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ბევრმა ლტოლვილმა თქვა, რომ ისინი წლების განმავლობაში ოცნებობდნენ ამ მომენტზე. რეპრესიების შემდეგ, მათ სურთ, რომ მსოფლიომ გაიგოს, თუ რა განიცადეს.

მედიის ცნობით, ტრაფალგარის მოედანზე, ლონდონის ცენტრში, მას შემდეგ, რაც დიქტატორის რეჟიმი 13 წლიანი სამოქალაქო დაპირისპირების შემდეგ დაინგრა და რომელმაც ნახევარი მილიონი სირიელი შეიწირა, სირიელი ლტოლვილები დიდი სიხარულით აღნიშნავდნენ ამ ფაქტს და პირობა დადეს, რომ თავიანთ სახლში მალე დაბრუნდებიან.

ამასთან, ლტოლვილებმა თურქეთიდან და ლიბანიდან უკვე დაიწყეს სამშობლოში დაბრუნება.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ისინი სირიელი მიგრანტების სახლში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებენ.

თურქეთმა განაცხადა, რომ სირიის ოპოზიციური ძალების შეტევაში არ მონაწილეობდა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თურქეთს სურს, სირიის ახალი ადმინისტრაცია იყოს ინკლუზიური და სირიელებმა თავად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი.

როგორც ცნობილია, თურქეთი, დაახლოებით, 3 მილიონ სირიელ მიგრანტსა და ლტოლვილს მასპინძლობს, რაც მას სამოქალაქო ომს გაქცეული სირიელების ყველაზე დიდ მასპინძლად აქცევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები