კახა კალაძე: ამერიკელებსაც აქვთ სურვილი, იცოდნენ, თუ როგორ იხარჯება თანხები და რა მიმართულებით მიედინება ფული

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამერიკელებსაც აქვთ სურვილი, იცოდნენ, თუ როგორ იხარჯება თანხები და რა მიმართულებით მიედინება ფული.

ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს იმ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ტრამპის გარემოცვა ენჯეოსექტორის გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უნდა მოხდეს აშშ-ის სახელმწიფოს მხრიდან.

„გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა. მთელი წლების განმავლობაში ჩვენ გვიმტკიცებდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ გამჭვირვალობა ეს არის ევროპელობა, არის მნიშვნელოვანი, რასაც, რა თქმა უნდა, მივესალმებით, მაგრამ როგორც კი მათ შეეხოთ აღნიშნული კანონი, მაშინვე დაიწყეს სპეკულაციები, რომ აღნიშნული კანონი არის ცუდი, მონათლეს, როგორც „რუსული“ და ვხედავდით, თუ რა კამპანია მიმდინარეობდა ამ კანონპროექტის წინააღმდეგ. ქვეყანაში როდესაც უცხო სახელმწიფოების მხრიდან ხდება ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება, როდესაც ფულს იხდიან იმაში, რომ რევოლუციები მოაწყონ, საზოგადოება გახლიჩონ, გააღვივონ პოლარიზაცია, ამას სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება. აღნიშნული კანონი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას და გაურკვეველია, ხალხი ვერ ხედავს, რა პროექტებში მიდის ეს თანხები, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ დეკლარაცია, აჩვენონ, ვისგან იღებენ ამ თანხებს და რა პროექტებში იხარჯება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ის ქვეყნები, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფულს ხარჯავენ მაგალითად იმის გადამზადებაში, რომ ახალგაზრდები იყვნენ რადიკალები, იყვნენ ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებაში ჩართულები. ჩვენ ვხედავთ, რამხელა შეტევა მიმდინარეობდა ბოლო წლების განმავლობაში ეკლესიაზე, ჩვენს სარწმუნოებაზე, ყველაფრის ფეხქვეშ გათელვა მოინდომეს, რაც ძვირფასი გაგვაჩნია – ჩვენი კულტურა, წარსული, ჩვენი ტრადიციები. იგივე ხდება დღეს ამერიკაში. ის საუბრები, რაც მიდის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ცხადია, მათაც აქვთ სურვილი, იცოდნენ, თუ როგორ იხარჯება თანხები და რა მიმართულებით მიედინება ფული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებში, მერი პასუხობს:

„თუ დააკვირდებით, ის ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩანან და ასე აგრესიულად იქცევიან, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია. ძირითადი ნაწილი. ზოგი პოლიტიკური პარტიების. შესაბამისად, პირდაპირ იკვეთება ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ბოლო წლების განმავლობაში, რომ საქართველოში თანხები შემოდიოდა და იხარჯებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება, დაფინანსებულიყო ექსტრემიზმი, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება და ასე შემდეგ, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ქარდებზეც გააკეთა კომენტარი.

„რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე განცხადება ამასთან დაკავშირებით და იმავეს გავიმეორებ, რომ აშკარად ხაბეიშვილი ჩაუდეს ამერიკის საელჩოს, აშკარად ის მართავს საელჩოს სოცმედიას. წარმოუდგენელია! ამხელა სახელმწიფო და ამ დონეზე დაეცა მისი საელჩო, ამ ტიპის ქარდებს აქვეყნებს. სასაცილოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები