სოზარ სუბარი სპორტსმენებს: როცა ის გაწუხებს, რომ პოლიციამ სავარაუდოდ ვიღაცის მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, ერთი სიტყვით ისიც დაგმე, როცა პოლიციელებს თავს ესხმიან და მოლოტოვის კოქტეილს უშენენ, პარლამენტს ცეცხლს უკიდებენ
როცა ის გაწუხებს, რომ პოლიციამ სავარაუდოდ ვიღაცის მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, ერთი სიტყვით ისიც დაგმე, როცა პოლიციელებს თავს ესხმიან და მოლოტოვის კოქტეილს უშენენ, როცა პარლამენტს ცეცხლს უკიდებენ, – მიმართავს სპორტსმენებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიუღებელია სპორტსმენების, მათი ოჯახის წევრების ბულინგი და შეურაცხყოფა.
„მინდა ერთ თემას შევეხო – რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ჩვენი სპორტსმენების განცხადებები საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ძალიან მიყვარს ბევრი მათგანი და დიდ პატივს ვცემ. დღეს მიშა მესხმა გამოაქვეყნა ძალიან ემოციური ვიდეო ამ სპორტსმენების საპასუხოდ და მინდა მადლობა ვუთხრა მას ასეთი სწორი და კაცური პოზიციისთვის.
ვეთანხმები მის მოწოდებას ამ სპორტსმენების მიმართ – შე დალოცვილო, როცა ის გაწუხებს, რომ პოლიციამ სავარაუდოდ ვიღაცის მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, ერთი სიტყვით ისიც დაგმე, როცა პოლიციელებს თავს ესხმიან და მოლოტოვის კოქტეილს უშენენ, როცა პარლამენტს ცეცხლს უკიდებენ. ლამის ინფარქტამდე რომ მიიყვანეს ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების ოჯახის წევრები, ამაზეც ამოიღე ხმა. თქვი, რომ ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი ჩვენი გმირები არიან.
მოითხოვე – ნუ აბულინგებთ ამ ადამიანებს, ნუ აყენებთ შეურაცხყოფას მათ და მათი ოჯახის წევრებს. ისინი არიან საქართველოს სახე და სიამაყე. ბევრი ჰყავს განა მსოფლიოს ადამიანები, ვინც თავის სფეროში პირველები არიან და რომლებმაც 3 ოლიმპიური ოქრო ჩამოუტანეს თავის ქვეყანას, როგორც ეს ლაშა ტალახაძემ გააკეთა?
ჩვენ ნაცებივით არ ვიქცევით, არავის ვაბულინგებთ, არავის ვაყენებთ შეურაცხყოფას და არ დაგაყენებთ რაიმე არჩევანის წინაშე – ან ჩემს პოზიციაზე იქნები, ან მტრად გამოგაცხადებო, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, ყოველ ჯერზე ჩვენი მოწინააღმდეგის ბულინგს დაექვემდებარო? ჩემი მეგობრული, ძმური თხოვნა იქნება – ნუ იქნებით ცალმხრივები,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.