“მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ უკვე დაახლოებით 160-მდე ადამიანი მოვინახულეთ და ყველა მათგანს ინდივიდუალურად ჩამოერთვა ჩვენება” – სახალხო დამცველი
“მოვინახულე ყველა დაზარალებული, რომელიც არის პალატებში. ერთზე მითხრეს, რომ არის რეანიმაციულ განყოფილებაში და უტარდებოდა ოპერაცია. სხვას ყველას ვესაუბრე. თითქმის ყველას დაზიანება აქვს სახისა და თავის არეში, შესაბამისად, ნათელია, რომ, ამ შემთხვევაში, ძალადობას ადგილი ჰქონდა თავის არეში”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ისაუბრა.
მისი თქმით, ძალიან ცუდია, როდესაც პოლიცია იყენებს სპეციალურ საშუალებებს.
“დაკავებულების შესახებ უკვე ოთხი დღეა, ვავრცელებთ ინფორმაციას. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ უკვე დაახლოებით 160-მდე ადამიანი მოვინახულეთ და ყველა მათგანს ინდივიდუალურად ჩამოერთვა ჩვენება, შედგა ოქმი. სამწუხაროდ, ამ ადამიანების 80 პროცენტი არის ნაცემი. ისინი მიუთითებენ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე. ყველა ასეთ შემთხვევაზე მოვახდინეთ რეაგირება და ეს მასალები გავაგზავნეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტურად გამოიძიოს საქმეები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შსს-ს, უარი თქვას ადამიანების ასეთი მეთოდებით დაკავებაზე“, – განმარტა სახალხო დამცველმა.