პრემიერი: საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ შედგა და არც არასდროს შედგება, ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, ვამაყობთ საკუთარი დამოუკიდებლობით და არავის მივცემთ უცხოური ჩარევით ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შერყევის შესაძლებლობას
უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ შედგა და არც არასდროს შედგება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ყველაფერი გამოჩნდა მათ შორის წელს, გაზაფხულის მოვლენების დროს და მიმდინარე დღეებშიც.
„იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა, უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის რეალიზებაში. სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ვიღაც-ვიღაცებს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომ ბუნდოვანი ფორმით ყოფილიყო დაფინანსებული რევოლუციური პროცესები საქართველოში. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში სამი რევოლუციური პროცესი ვიხილეთ და ეს ყველაფერი ხდებოდა სამწუხაროდ უცხოური დაფინანსებით. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, ვამაყობთ საკუთარი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და რა თქმა უნდა, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ბოლომდე გავუფრთხილდებით. არავის მივცემთ უცხოური ჩარევით ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შერყევის შესაძლებლობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.