“ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა, პერსონალური მონაცემების გავრცელება დაუშვებელია” – ლევან იოსელიანი

“მედიისთვის ხელშეშლა არის კონკრეტული დანაშაული, გამოხატვის თავისუფლება კანონმდებლობით დაცულია, თუმცა, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა დაუშვებელია”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

საქართველოს პირველმა არხმა სახალხო დამცველს მას შემდეგ მიმართა, რაც მაუწყებელთან მიმდინარე აქციისას არხის ჟურნალისტებს, ასევე, „იმედის“ გადამღებ ჯგუფს შეეშალათ ხელი საქმიანობაში.

„თქვენგან შევიტყვე ამ ფაქტების შესახებ, როცა ოფიციალურად მომმართეთ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მედიის წარმომადგენელია, კანონის თანახმად, ყველა მედია თანაბარია. ყველას აქვს უფლება და გარანტირებულია მათი საქმიანობა ხელშეშლისგან თავისუფალ გარემოში. დაუშვებელია, მედიას შეეშალოს ხელი და გააშუქოს მოვლენები იმდაგვარად, როგორც თვლის ის საჭიროდ და როგორც მიაჩნია საჭიროდ.

მედიისთვის ხელშეშლა ეს არის კონკრეტული დანაშაული და არავის აქვს უფლება, რომ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს მედიის წარმომადგენლების მიმართ.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, მათი გავრცელება დაუშვებელია, ეს კანონით არის დაცული, ისევე როგორც სიძულვილის კამპანია და სიძულვილის ენა, რაზეც თქვენ მომმართეთ და მითხარით, რომ ასეთ გარემოებასაც აქვს ადგილი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები