მაკა ბოჭორიშვილი – “სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება ქართული დიასპორა და აქტიურად გაგრძელდება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობა”
2024 წლის 26 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული დიასპორის მიმართულებით მუშაობა და დიასპორასთან თანამშრომლობა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება.
ამ მიზნით, როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, გაგრძელდება ის პროგრამები, რაც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გასაღრმავებლადაა საჭირო, ასევე სამინისტრო შეიმუშავებს ახალ პროგრამებს, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვას, საზღვარგარეთ დაბადებული, წარმატებული ქართველი მოზარდებისთვის საკუთარი სამშობლოს, კულტურის, ტრადიციების გაცნობას და სამშობლოსთან შემდგომი მყარი კავშირებისთვის საფუძვლის ჩაყრას.
„გაიზრდება საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ქსელი, საკონსულო სერვისების მაღალი ხელმისაწვდომობისა და საკონსულო დაცვის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, საქართველოს მოქალაქეების უფლებები საზღვარგარეთაც მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს.” – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებათა პაკეტი, რის საფუძველზეც, შესაბამის კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, კიდევ უფრო განმტკიცდება დიასპორასთან ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დიპლომატიური სამსახურის გაჯანსაღებას, ახალგაზრდა დიპლომატების წახალისებას და კიდევ უფრო მყარი და ძლიერი დიპლომატიური კორპუსის შექმნას.